17-04-2025 19:46:41 პოლიტიკა ,საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა საყვედური გამოუცხადა გადაცემა „რეალური სივრცის“ რედაქტორ ტუხა კვინიკაძეს. მასაც ედავებიან მაუწყებლის „სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებას“.
დისციპლინური სანქციის შესახებ ბრძანება დღეს, 17 აპრილს გამოიცა.
„გაფრთხილებულ იქნეს ტუხა კვინიკაძე დისციპლინური სანქციის მოქმედების პერიოდში (12 თვე) მის მიერ ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში მისი სამუშაოდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე“, - წერია დოკუმენტში, რომელსაც „რეალური სივრცის“ თანამშრომელი თავადვე ავრცელებს.
თინათინ ბერძენიშვილის გადაწყვეტილებით 11 აპრილს პირველი არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი. ამავე დღეს გაირკვა, რომ დისციპლინური სანქცია დაუწესდა ოთხ თანამშრომელს: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტ თამარ მშვენიერაძეს, ამავე გადაცემის წამყვან იოსებ კაციტაძეს, პულტის რეჟისორსა და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორ კახაბერ მელიქიძეს და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორ ირმა ჩუბინიძეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ის თანამშრომლები, რომლებიც დირექტორმა გაათავისუფლა და საყვედური გამოუცხადა, პროევროპული აქციების მიმდინარეობის დროს მაუწყებლის მუშაობის პრობლემებზე საუბრობდნენ.