პაპუაშვილი: ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!

18-04-2025 07:33:40 პოლიტიკა

"უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს - ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!" , - განაცხადა "ქართული იცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, "უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და მათ ეკონომიკაში ფულის შეტანას".

როგორც პაპუაშვილი ირწმუნება, "დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს - იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკურად სწორად ფიქრობს, ხოლო თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, მათ ეს ზრდაც არ ექნებათ".

„უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს. თუმცა ეს ძალიან სწორი აქცენტია იმისთვის, რომ მივხვდეთ საით იყურება ევრობიუროკრატია. ეს ეხება 61 ქვეყანას და ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის. როგორც ჩანს, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილს სურს, რომ ჰქონდეს ბერკეტები სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად. ხალხი, რომელიც გველაპარაკება ევროპულ ღირებულებებზე და სიტყვა ღირებულება რომ ძალიან მოსწონთ, ასე ცივსისხლიანად, პრაგმატულად ხალხზე ზეწოლით ფიქრობს ხელში ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომ გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე. ამასაც უნდა შევხედოთ ძალიან რაციონალური თვალით.

რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. დღეს ვუსმენდი გერმანიის ელჩის ინტერვიუს, რომელმაც თქვა, რომ ვიზა, ეს არის პრივილეგია, უნდა დავაფასოთო. სიმართლე გითხრათ, ცოტა ეს აროგანტულობა სამწუხაროდ ახასიათებს გერმანიის ელჩს. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას. დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ. არის მცდელობა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ, რომ მერე ვიზა გექნება ასაღები და ვეღარ ჩახვალ ბერლინსა, თუ ფრანკფურტშიო. ეს 21-ე საუკუნის პოლიტიკას ეკადრება?! ეს არის ასი წლის წინანდელი მეთოდები, როდესაც ცდილობდნენ სხვა ქვეყნებზე გავლენა მოეხდინათ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა, რომლის კომენტარსაც პროპაგანდისტული სახელისუფლებო ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები