18-04-2025 20:53:52 პოლიტიკა
დიპლომატიის კავკასიური აკადემიის დამფუძნებლის, გიორგი ტუმასიანის შეფასებით, "კატასტროფა გველოდება. ახალი რკინის ფარდის აქეთ მხარეს ვრჩებით".
"როგორც ჩანს, თუ არაფერი შეიცვლება, ეს ამბავი ასე დასრულდება. დიახ, უკრაინა არნახულ ზარალს მიიღებს მაგრამ უდიდესი ნაწილი გადარჩება. მოლდოვა უკრაინის წყალობით. საქართველო და სომხეთი რუსეთის გავლენის ქვეშ გადავლენ ბელარუსის მსგავსად. გრუზინებს და არმიანებს იპოვიან რუსები, უკვე იპოვეს. აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და ყირგიზეთი თურქულ კავშირში არიან უკვე. საქართველოს და სომხეთის გავლით თურქული კავშირის კომუნიკაციას რუსეთი უზრუნველყოფს. რეგიონი დაბრუნდება რუსულ-თურქულ ფორმატში, რომელშიც იყო საუკუნეებია რაც სპარსეთი გავიდა აქედან. ჩინეთს ზუსტად ეს სჭირდება, დერეფანი თურქული კავშირისთვის, მაგრამ მთლად უკონტროლო არა, მოსკოვი ამ კონტროლს უზრუნველყოფს საქართველოში და სომხეთში.
კატასტროფა გველოდება. ახალი რკინის ფარდის აქეთ მხარეს ვრჩებით. სომხეთმა მაქსიმუმი გააკეთა და რაღაც დროით კიდევ გაუძლებს ფაშინიანი. თუ საქართველო არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე, ფაშინიანიც დასრულდება და მორჩა, სრულად რუსეთია ორივეგან" - აცხადებს ტუმასიანი.
მისივე თქმით, "ერთადერთი იმედი იყო და ალბათ ჯერ კიდევ არის ქართველი ერი".
"როგორც ჩანს, ჩვენ ის ომი რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს რომ დაიწყო, ეს ომი უკრაინამ არ წააგო, მაგრამ ჩვენ წავაგეთ. ერთი გასროლის გარეშეც ჩაგვაბარეს რუსეთის აგენტებმა.
სერიოზული კითხვაა: წინააღმდეგობა და თავისუფლების შანსი, თუ ომის გარეშე ჩაბარება და მშვიდობიანი მონობა?
“სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი”? თქვენ ძვირაფასო თანამემულენო, უდიდესი ნაწილი, ვერ იაზებთ წინ რა გველოდება. რამხელა ისტორიული კატასტროფა. სახელმწიფოებრიობის დაკარგვა მისი ფორმალური შენარჩუნებით, ყველაზე დიდი მზაკრობა რაც კი შეიძლება მოიფიქრო. აქედან განთავისუფლება როგორ უნდა მოხდეს? საიდანღაც გასვლით როგორც საბჭოთა კავშირი ან რუსეთის იმპერია იყო, ვერ მოხდება...
შანსი არის, მაგრამ მცირდება ყოველდღე. ყოველი პასუხგაუცემელი წითელი ხაზის გადაკვეთით.არამგონია რომ სიმართლე და რაც დავწერე მჯერა რომ სრული სიმართლეა, უნდა დავმალოთ ვინმესგან. პირიქით. სიმართლე უნდა ვთქვათ.
ერთი წამით არ ვსაყვედურობ იმ ხალხს, ვისთანაც ერთად ვიბრძვით გავრილოვიდან დაწყებული. დანარჩენები სად არიან? ჩვენ ამ ომში ჩავდეთ ყველაფერი რაც კი შეგვეძლო, თქვენ სად ხართ, თქვენ? "პოლიტიკა არ გაინტერესებთ?" დიქტატურა აუცილებლად მოგადგებათ ისევე როგორც ჩვენ მოგვადგა, უბრალოდ თქვენ ჩვენს მერე ხართ რიგში. დიქტატურა ყველას მოადგება, არ არსებობს კაცობრიობის მთელს ისტორიაში ერთი გამონაკლისიც კი" - წერს ტუმასიანი.