20-04-2025 18:05:17 კონფლიქტები
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო 19 აპრილს პირველად ეწვია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს კრემლის ახალი კურატორის სტატუსით.
ვიზიტის ფარგლებში მან მოლაპარაკებები გამართა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან, ალან გაგლოევთან, შეხვდა ადგილობრივ ე.წ. დეპუტატებს და გააკეთა რამდენიმე განცხადება მოსკოვის მხარდაჭერის შესახებ.
სერგეი კირიენკომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა "9 მაისისათვის („გამარჯვების დღისათვის“) თავისი სარეზერვო ფონდიდან გამოყოს თითო მილიონი რუბლი (12,3 ათასი აშშ დოლარი) რეგიონის ყოველი სოფლისა და სკოლისათვის".
მისივე თქმით, გამოყოფილი თანხა ასევე უნდა მოხმარდეს გამარჯვების 80 წლისთავის მოსამზადებელ სამუშაოებს - მემორიალების, სტენდებისა და მუზეუმების კეთილმოწყობას.
კირიენკომ განაცხადა, რომ პუტინის განკარგულებით, "სამხრეთ ოსეთში გაიხსნება "პრომსვიაზბანკის" განყოფილება".
მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს პენსიონერებს, ვლადიკავკაზის ნაცვლად, ცხინვალშივე აიღონ „მირის“ ბარათები.
"1 მაისიდან ყველა პენსია ჩაირიცხება "მირის" ბარათებზე რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ. მოხუცებს მოუწიათ ვლადიკავკაზში გამგზავრება საპენსიო ბარათის მისაღებად. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უფლებას აძლევს "პრომსვიაზბანკს" გახსნას განყოფილება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რათა პენსიონერებს არ დასჭირდეთ სხვაგან წასვლა", - განაცხადა მან.
სერგეი კირიენკოს თქმით, გარდა ამისა, პუტინმა "მიიღო გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი თანხები გამოყოს საბაჟო-სასაზღვრო პუნქტის "ქვემო ზარამაგის" მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციისთვის".
სერგეი კირიენკო 1962 წელს სოხუმში დაიბადა. ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში იყო რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე, 1998 წლის 24 აპრილიდან 24 აგვისტომდე. 2005 წლიდან 2016 წლამდე ეკავა კორპორაცია "როსატომის" გენერალური დირექტორის თანამდებობა, ხოლო 2016 წლის 5 ოქტომბრიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილეა.