21-04-2025 11:20:59 საზოგადოება ,სამართალი
20 აპრილის ღამეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაკავებული ორი ადამიანი ამ დრომდე იზოლატორში რჩება.
აღდგომის დღეს, გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, პოლიციამ დემონსტრანტები მიხეილ სამხარაძე და გიორგი ორთოიძე დააკავა.
შსს–ს ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„აღდგომას ასე გვილოცავს რუსული მილიცია - ტროტუარზე გადმოსულ ხალხს არბევს. ორი ახალგაზრდა დააკავეს, არადა 5-10 წუთში ისედაც დაშლას ვაპირებდით. პ.ს. ერთ-ერთი დაკავებული იმიტომ წაათრიეს, რომ ნიღბიანებს ქრისტე აღსდგა ბიჭებოო ეძახდა“, - დაწერა ფეისბუკზე მოქალაქე თამარ კანკავამ.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 144-ე დღეა, მიმდინარეობს. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა უცვლელია: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.