თბილისში რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს

21-04-2025 15:46:59 პოლიტიკა ,სამართალი

თბილისში რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს, თუმცა პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით დაშალა. სავარაუდოდ, იმ ეპიზოდში დააკავეს სამი ადამიანი.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა თბილისის ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს. მსვლელობისას თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, ლეონიძის ქუჩის დასაწყისში პოლიციამ სავარაუდოდ, კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. კერძოდ, დემონსტრანტებმა, რომლებიც საფეხმავლო „ზებრა-გადასასვლელზე“ მოძრაობდნენ, გზის სავალი ნაწილის დაკავება სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. იყო შეხლა-შემოხლა, რა დროსაც პოლიციელებმა ერთი ადამიანი მანქანაში ჩასვეს და გაიყვანეს.

აქცია-მსვლელობა ამ წუთებშიც გრძელდება.

ცნობისთვის: აღდგომის დღეს, გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, პოლიციამ მიხეილ სამხარაძე და გიორგი ორთოიძე ადმინისტრაციული წესით დააკავა. ორივე მათგანი ამ დრომდე იზოლატორში რჩება.

დღევანდელ აქცია სწორედ მათდამი სოლიდარობის ნიშნად ტარდება.