
ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოს ეწვია
22/04/2025 07:06:00 პოლიტიკა
ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახური ავრცელებს.
ვიზიტი დღეს, 22 აპრილს დაიწყო და 24 აპრილს დასრულდება.
"დაგეგმილია ეუთოს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკონონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ვიზიტის ფარგლებში ფერიდუნ სინირლიოღლუ ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას", – ნათქვამია უწყების პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ჯო უილსონმა ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა:
„როგორც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, მე მოვუწოდე ეუთოს გენერალურ მდივან სინირლიოღლუ თბილისში დაგეგმილი ვიზიტის გადადებისკენ. ნებისმიერი ვიზიტი ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმთან აღქმული იქნება, როგორც მათი ტირანული მმართველობის მხარდაჭერა. ჩვენ უნდა დავდგეთ ქართული ხალხის გვერდით!“.