აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს მიმართავს, გააუქმოს „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“

22-04-2025 17:02:22 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, გააუქმოს „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

დე ფაქტო მინისტრი რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ამბობს, რომ ყურადღების მიღმა არ რჩებათ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, „ძირითად მეზობლებთან - აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გაჯანსაღების შესახებ“.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საჭიროა ამის პრაქტიკულად დადასტურება და რეალური ნაბიჯები, მათ შორის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ გაუქმება, რადგან ის „ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“.

საქართველომ ეს კანონი 2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მიიღო.

ბარციცი იმეორებს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ არაერთხელ გამოთქმულ პოზიციას, რომ საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებასაც.

Новости

Другие новости