22-04-2025 18:02:59 პოლიტიკა ,საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა.
მოქალაქე გიორგი ჩხეიძის დაკავების მიზეზი უცნობია - ადგილზე მობილიზებულ პოლიციასთან აღნიშნულის გარკვევა ვერც მისმა ახლობლებმა და ვერც ჟურნალისტებმა შეძლეს - მათ კითხვას ზოგადი განმარტებით უპასუხეს, "კანონის დარღვევისთვის".
თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 აპრილს პროევროპულ აქციებზე დაკავებული საბა სხვიტარიძის საქმეზე გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი დაკითხეს. ის სასამართლოში რამდენიმე პოლიციელის თანხლებით მივიდა. დაკითხვის დასრულების შემდეგ საბა სხვიტარიძის ახლობლებმა და ნათესავებმა სალომე ედიშერაშვილს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს.
ეზოში ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული. გამომძიებლის ეზოში გამოსვლის შემდეგ, მოქალაქეების ნაწილმა სასამართლოს შენობა დატოვა. ამ დროს მოხდა გიორგი ჩხეიძის დაკავებაც.
ხმაური იყო სხვიტარიძის საქმის განხილვის დაწყების დროსაც. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პოლიციელების სხდომათა დარბაზიდან გასვლა მოითხოვეს.
პოლიციელები სხდომაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები მივიდნენ და ერთმანეთის მიყოლებით მდგომი სკამების პირველი ორი რიგი დაიკავეს, რის გამოც სხვიტარიძის ახლობლებისთვის ადგილი აღარ დარჩა. პოლიციელები ჟურნალისტებს ეუბნებოდნენ, რომ „დაინტერესებული პირები“ იყვნენ და სხდომაზე დასწრება სურდათ.
მდგომარეობის განსამუხტად მოსამართლემ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა. მისი გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზში დაუშვეს დაკავებულის ოჯახის წევრები და ყველა ის ადამიანი, ვინც საქმის განხილვას სისტემატურად ესწრება.
სხდომა მას შემდეგ განახლდა, რაც პოლიციელებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.