
სხვიტარიძის ადვოკატი: ამ საქმეზე ყველა გამომძიებელი და პოლიციელი იტყუება!
22/04/2025 14:20:14 პოლიტიკა, სამართალი
პატიმრობაში მყოფი აქტივისტის საბა სხვიტარიძის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს რომ საქმეზე პოლიციელები ცრუ ჩვენებებს აძლევენ და დარწმუნებულია, რომ ევროსასამართლო, სადაც განიხილავს საქმის გაგრძელებას, კონვენციის მესამე მუხლის დარღვევას დაადგენს. მანამდე დაკავებულმა არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა.
„სისხლის სამართლის ამ საქმეზე ყველა გამომძიებელი და პოლიციელი იტყუება. მათ სურთ საკუთარი ქმედებების გადაფარვა. რაც უფრო მეტს ისაუბრებენ, რაც უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდიან, მით უფრო მეტი წინააღმდეგობა გამოიკვეთება ჩვენებებს შორის. ზუსტად იცოდეს ყველამ, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე, როგორც არ უნდა დამთავრდეს, გაგრძელდება საერთაშორისო დონეზე, ჩამოვა აუცილებლად კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა, რომელიც გულისხმობს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას და ჩვენ თავის დროზე აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას ყველა პირის დადგენაში. ეს პირები დადგენილი იქნებიან და მინიმუმ მოშორებული იქნებიან სისტემას იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი ადამიანები მუშაობდნენ სისტემაში“, - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 აპრილს გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი დაკითხეს. ის სასამართლოში რამდენიმე პოლიციელის თანხლებით მივიდა. დაკითხვის დასრულების შემდეგ საბა სხვიტარიძის ახლობლებმა და ნათესავებმა სალომე ედიშერაშვილს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს. სასამართლოს ეზოში ერთი ადამიანი დააკავეს.
ხმაური იყო სხვიტარიძის საქმის განხილვის დაწყების დროსაც. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პოლიციელების სხდომათა დარბაზიდან გასვლა მოითხოვეს.
პოლიციელები სხდომაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები მივიდნენ და ერთმანეთის მიყოლებით მდგომი სკამების პირველი ორი რიგი დაიკავეს, რის გამოც სხვიტარიძის ახლობლებისთვის ადგილი აღარ დარჩა. პოლიციელები ჟურნალისტებს ეუბნებოდნენ, რომ „დაინტერესებული პირები“ იყვნენ და სხდომაზე დასწრება სურდათ.
მდგომარეობის განსამუხტად მოსამართლემ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა. მისი გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზში დაუშვეს დაკავებულის ოჯახის წევრები და ყველა ის ადამიანი, ვინც საქმის განხილვას სისტემატურად ესწრება.
სხდომა მას შემდეგ განახლდა, რაც პოლიციელებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021