ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 17-21 აპრილი

22-04-2025 18:27:58 კონფლიქტები

ბადრა გუნბამ ახალი ე.წ. მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

აფხაზეთის ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ე.წ. მთავრობის ფორმირების პროცესი დაასრულა და „მინისტრთა კაბინეტის“ ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ცვლილებების შედეგად, ხუთამდე გაიზარდა „ვიცე-პრემიერების“ რაოდენობა, ხოლო „სამინისტროების“ რიცხვმა თხუთმეტს მიაღწია. მთლიანობაში, დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურაში 33 ქვედანაყოფია გაერთიანებული, „სახელმწიფო კომიტეტებისა“ და „განყოფილებების“ ჩათვლით.

განახლებულ დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტში „ვიცე-პრემიერის“ პოსტები შემდეგმა პირებმა დაიკავეს: კონკურსი „აფხაზეთის გუნდის“ ორგანიზატორმა ტარას ხაგბამ, რომელსაც ახალგაზრდობის პორტფელი ჩაბარდა; საზოგადოებრივი პალატის წევრმა ვარაზდატ მინოსიანმა; შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა, რომელმაც თანამდებობა შეინარჩუნა და ამავდროულად ვიცე-პრემიერიც გახდა; ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ, რომელიც ენერგეტიკის სექტორზე იქნება პასუხისმგებელი. აღსანიშნავია, რომ ე.წ. ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კონკურსი „აფხაზეთის გუნდის“ ერთ-ერთი გამარჯვებული, ბატალ მუშბა დაინიშნა. კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული, იატირ აშიბა ბადრა გუნბამ „მინისტრთა კაბინეტის აპარატის“ უფროსად დანიშნა.

რამდენიმე „სამინისტროს“ ხელმძღვანელმა თანამდებობა შეინარჩუნა. მათ შორის არიან „თავდაცვის მინისტრი“ ვლადიმირ ანუა, „შინაგან საქმეთა მინისტრი“ რობერტ კიუტი, „ჯანდაცვის მინისტრი“ ედუარდ ბუტბა, „იუსტიციის მინისტრი“ ანრი ბარციცი და „სოფლის მეურნეობის მინისტრი“ ბესლან ჯოპუა. ბადრა გუნბას გუნდში არ დარჩა ყოფილი ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მუშაობას რუსულ ნავთობკოპმანიაში განაგრძობს. თანამდებობა ასევე ვერ შეინარჩუნა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ და ამ პოსტზე ბადრა გუნბას კონკურენტი ოლეგ ბარციცი დაინიშნა. ოლეგ ბარციცი 2010 წლიდან რუსეთში აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო წარმომადგენელი იყო, თუმცა აპარტამენტების კანონპროექტზე კრიტიკული დამოკიდებულების გამოხატვის შემდეგ, იგი ამ თანამდებობიდან მოხსნეს. გავრცელებული ჭორების მიუხედავად, ახალ „მთავრობაში“ ასევე არ მოხვდა ოპოზიციის ლიდერი, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ბადრა გუნბას მთავარი მეტოქე ადგურ არძინბა.

სხვა ახალდანიშნულ „მინისტრებს“ შორის არიან „შემოსავლების მინისტრი“ ედგარ ბენია, „განათლების მინისტრი“ ხანა გუნბა, „ეკონომიკის მინისტრი“ თეიმურაზ მიქვაბია, „სოციალური უზრუნველყოფისა და დემოგრაფიული პოლიტიკის მინისტრი“ რუსლან აჯბა. აღსანიშნავია, რომ „კულტურის მინისტრად“ დაინიშნა დაურ კოვე, რომელიც უკვე იკავებდა ამ პოსტს 2022-2023 წლებში, ხოლო მანამდე, 2016-2021 წლებში „საგარეო საქმეთა მინისტრი“ იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში იგი ჯერ გალის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ხოლო შემდგომ - „საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის“ თანამდებობებს იკავებდა.

ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“ ბადრა გუნბასგან პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითხოვს და მშვიდობიან აქციებს აანონსებს

ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად აღდგომის ღამეს, რუსმა "მესაზღვრეებმა" აფხაზური ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი „საპრეზიდენტო კანდიდატი“ ადგურ არძინბა რამდენიმე საათით, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს.

„ამ ქმედებას ვაფასებთ როგორც ოპოზიციის ლიდერზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას, რაც აფხაზეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების მიზანმიმართული დესტაბილიზაციის მცდელობაზე მეტყველებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ მსგავსი „რეპრესიული ქმედებები წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და მათი წყარო აფხაზეთის შიგნითაა“. „არუაა“ ახალი დე ფაქტო პრეზიდენტისგან მოითხოვს, „დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნაზე, უარი თქვას ზეწოლისა და დაშინების პრაქტიკაზე და უზრუნველყოს აფხაზეთის ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დაცვა, მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის წევრები მშვიდობიან საპროტესტო აქციებს აანონსებენ, რაც მათივე განცხადებით, „სტაბილურობის, სამართლიანობისა და საზოგადოების ღირსების დაცვას ემსახურება“.

აფხაზეთის ლიდერმა ბადრა გუნბამ სამხედრო წვრთნებში მიიღო მონაწილეობა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ და ვიცე-პრეზიდენტმა ბესლან ბიგვავამ მონაწილეობა მიიღეს მასშტაბური სამხედრო წვრთნების დასკვნით ეტაპში, რომლებიც აფხაზეთში, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით ჩატარდა. წვრთნების მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება სარეზერვო დანაყოფისა და სამხედრო ტექნიკის დროულ მობილიზებას და მიწოდება/განაწილების ორგანიზებას დაეთმო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბადრა გუნბა და ბესლან ბიგვავა არა მხოლოდ აკვირდებოდნენ პროცესს, არამედ თავადაც აქტიურად მონაწილეობდნენ წვრთნებში, მათ შორის ყუმბარმტყორცნიდან და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს.

ბადრა გუნბამ ხაზი გაუსვა მსგავსი წვრთნების მნიშვნელობას „აფხაზეთის უსაფრთხოებისთვის“ და ამავდროულად იმედი გამოთქვა, რომ იარაღის გამოყენება მხოლოდ სასწავლო მიზნებისთვის მოხდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები