23-04-2025 19:45:10 პოლიტიკა ,სამართალი
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ამერიკელი ადვოკატი აცხადებს, რომ „ორი ქვეყნის სადაზრვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით“ აქვს სანდო ინფორმაცია, რომ მიმალვაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ბაჩიაშვილმა საქართველო 2 მარტს მალულად დატოვა. 10 მარტს მას 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ბიძინა ივანიშვილის მიერ შეტანილი საჩივრის შემდეგ დაწყებული საქმის ფარგლებში.
რობერტ ამსტერდამი 23 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს ბაჩიაშვილის ლიკვიდაციის საფრთხეზე, თუმცა ზუსტ წყაროს არ ასახელებს.
ადვოკატი თვლის, რომ პოლიტიკური ოპონენტების „განადგურება“ საქართველოს ხელისუფლებამაც შეიძლება, მოინდომოს, თუმცა არ გამორიცხავს „უცხო ძალების“ მიერ შეთქმულებასაც:
„მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება მიმართოს ნებისმიერი ტიპის ძალადობას, რათა მიაღწიოს საკუთარ მიზნებს, - გაანადგუროს რეჟიმის ყველა პოლიტიკური ოპონენტი და კრიტიკოსი, რომელიც მათ რეალურ საფრთხეს უქმნის“, - წერს იგი განცხადებაში.
რობერტ ამსტერდამი ასევე აცხადებს, რომ არ გამორიცხავს, ბაჩიაშვილის მკვლელობის დაგეგმვა იყოს „საგარეო ძალების სცენარი, რათა კიდევ უფრო მეტად მოახდინონ ვითარების დესტაბილიზაცია საქართველოში“.
„გიორგი ბაჩიაშვილის გარშემო არსებული სახიფათო ვითარებიდან გამომდინარე, სამართლებრივ ჯგუფს, „ამსტერდამი და პარტნიორები“, სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ გაავრცელოს ეს განცხადება და მოუწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს საერთაშორისო დონეზე, უზრუნველყონ ბ-ნი ბაჩიაშვილის დაცვა და გამოიძიონ, ვინ დგას ამ სავარაუდო შეთქმულების უკან“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამსტერდამი წერს იმასაც, რომ ამ ინფორმაციის გაზიარების უფლება გიორგი ბაჩიაშვილისგან აქვს.