ზურაბიშვილი რუსი პრანკერების სამიზნე გახდა

23-04-2025 20:21:16 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსი პრანკერების სამიზნე გახდა. პრანკერები - ვოვანი და ლეკსუსი თავად ავრცელებენ ვიდეოჩანაწერს და წერენ, რომ ისინი ზურაბიშვილს რუსი დისიდენტის - გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ.

"იმის გასარკვევად, თუ ვინ დგას საქართველოში მიმდინარე პროტესტების უკან, რომელიც მეხუთე თვეა, არ წყდება, დავუკავშირდით საქართველოს ექსპრეზიდენტს, საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს. საუბარი უცხოეთის აგენტის გარი კასპაროვის სახელით მიმდინარეობდა". - წერენ პრანკერები.

ვიდეოს მიხედვით, პრანკერები, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ესაუბრნენ.

"მცირე ზომის არასამთავრობოები ძირითადად ფინანსდებოდა USAID-ის ან ცალკეული ევროპული ფონდების მიერ. ევროპელები საკმაოდ ნელა მოქმედებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ სანქციების გზით შეჩერებული სამთავრობო პროგრამებიდან თანხებს გადაიტანდნენ და გადაამისამართებდნენ სამოქალაქო სექტორში. თუმცა, ეს ამ დრომდე არ მომხდარა, შესაბამისად, დადგა კრიტიკული მომენტი". - ამბობს, სავარაუდოდ, ზურაბიშვილი.

ამის შემდეგ, კასპაროვის სახელით მოსაუბრე პრანკერები ზურაბიშვილს ეუვნებიან: "საუკეთესო გამოსავლად ვთვლი იმას, რაც წარსულში უკრაინელებმა გააკეთეს, ვგულისხმობ, მაიდანს. იმედი მაქვს, რომ თქვენც მსგავსად გამოგივათ".

ზურაბიშვილი ჩანაწერში აცხადებს, რომ საქართველოში მაიდნის სცენარი არ არსებობს:

"უკრაინელები, როგორებიც ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში ვიხილეთ, ასეთები არიან მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მათ აქვთ განსხვავებული ტერიტორიები, განსხვავებული სიმტკიცე, განსხვავებული ადამიანური რესურსები. [საქართველო] პატარა ქვეყანაა, რომელიც ბოლო წლებში არაერთ სირთულეს შეეჩეხა და ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ადამიანური რესურსი, რომ ის დავხარჯოთ მსგავსი ტიპის სცენარებში". - ისმის ჩანაწერში.

სალომე ზურაბიშვილს რუსი პრენკერების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუვრცელებია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები