„კოალიცია ცვლილებისთვის“ განმარტავს, რატომ განაცხადეს უარი ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე

24-04-2025 10:50:45 პოლიტიკა

ოპოზიციური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ განმარტავს, რატომ განაცხადეს უარი ეუთოს გენერალურ მდივანთან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერებს შეხვდა.

როგორც კოალიაციაში აცხადებენ, "მიგვაჩნიათ, რომ რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა".

"გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ ეუთოს გენერალურ მდივანთან, ბატონ ფერიდუნ ჰ. სინირლიოღლუსთან შეხვედრაზე ჩვენი უარის მიზეზი.დღეს საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, რაც “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ქმედებებით - კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებითა და უდანაშაულო ადამიანების დაკავებებით არის გამოწვეული. აღნიშნულ ვითარებაში ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს, რაც რეჟიმის მხირდან რუსული პროპაგანდის სტილში უკვე გამოიყენება მათი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ეუთო/ოდირის ოფიციალური დასკვნით 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა ძირი გამოუთხარეს საზოგადოების ნდობას პროცესისადმი.სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმორებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ეუთოს წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ე.წ. ვენის მექანიზმი აამოქმედეს, რომელიც მანამდე ბელორუსისა და რუსეთის მიმართ იქნა გამოყენებული", – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: 22 აპრილს თბილისში ჩამოსულმა სინირლიოღლუმ პირველი შეხვედრა „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მაკა ბოჭორიშვილთან გამართა.

იგი ასევე შეხვდა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ცესკოს თავმჯდომარესა და სხვა მაღალჩინოსნებს.

მანამდე, ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ჯო უილსონმა ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. „ნებისმიერი ვიზიტი ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმთან აღქმული იქნება, როგორც მათი ტირანული მმართველობის მხარდაჭერა. ჩვენ უნდა დავდგეთ ქართული ხალხის გვერდით!“ - დაწერა ჯო უილსონმა X-ზე.

იანვარში საქართველოში ვიზიტი გადადო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფინეთის პარლამენტის წევრმა პია კაუმამ - ოპოზიციური პარტიების ნაწილის, საქაღთველოს მე–5 რეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილის მოწოდებების შემდეგ. მოწინააღმდეგეები მაშინაც თვლიდნენ, რომ მისი ვიზიტი საქართველოს ხელისუფლების სადავო ლეგიტიმაციის გამყარებას შეუწყობდა ხელს.

News

Other news