
ჭიჭინაძე: კობახიძემ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია - წინასწარ მოგვისაჯა
24/04/2025 10:11:08 პოლიტიკა, საზოგადოება
პრო-ევროპულ აქციებზე დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის დახურულ ფორმატში ერთსაათიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო - დარბაზში დაკავებულთა ოჯახის წევრები დაუშვეს.
დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომაზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგლება ერთ-ერთმა დაკავებულმა, მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ.
„დაახლოებით ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ - დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, წინასწარ მოგვისაჯა და შემდეგ დაიწყო ლაპარაკი რაღაც ჰუმანურობაზე. პირდაპირ ვამბობ, არავის ჰუმანურობა არ მჭირდება და თუ რაიმე პასუხისმგებლობა უნდა დამეკისროს, ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ.
მეორე: როდესაც ადამიანს შეუძლია პატიმარ ქალს [მზია ამაღლობელს - რედ] ცილისწამებითა და ტყუილით შეეხოს; როცა შეუძლია, პატიმრის ოჯახზე ილაპარაკოს ისე, როგორც ილაპარაკეს, ეს არაკაცობაა! მე აბსოლუტურად ყველაფერზე, რასაც ვამბობ და რასაც ვაკეთებ, პასუხისმგებელი ვარ და არავითარი ჰუმანურობა არ მჭირდება.
და კიდევ ერთი რამ - ეს უკვე სხვას ეხება და მიმხვედრი მიხვდება - სანამ რაღაცას დააბრეხვებთ, უნდა იცოდეთ, ვისთან ცდით და ვისთან ბედავთ",- განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.
11 ადამიანს, რომლებიც აქციებთან დაკავშირებით არიან დაკავებული, პროკურატურა ედავება „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას“. თითოეულ მათგანს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ისინი არიან:
ანდრო ჭიჭინაძე,ონისე ცხადაძე,გურამ მირცხულავა,ლუკა ჯაბუა,ჯანო არჩაია,რუსლან სივაკოვი,რევაზ კიკნაძე,გიორგი ტერაშვილი,ვალერი თეთრაშვილი,სერგეი კუხარჩუკი,ირაკლი ქერაშვილი.
არც ერთი წარსულში ნასამართლევი არაა. არც ერთი მათგანი ბრალდებას არ ეთანხმება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021