TI: ჯაფარიძის ოჯახის ბიზნესპარტნიორის კომპანიამ მესტიაში 17 მილიონ ლარამდე ტენდერები მოიგო

24-04-2025 14:47:59 პოლიტიკა

სადავო პარლამენტის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახთან დაახლოებული პირის - დავით ჩართოლანის კომპანიამ - შპს ქორულდმა მესტიის მერიისგან 2021-2024 წლებში 16 856 815 ლარის ტენდერები მიიღო. ამ თანხის 70% (11 770 538 ლარი) მხოლოდ გასულ წელს მიიღო - იტყობინება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დავით ჩართოლანს კომპანიას, რომელიც წარსულში ბოლნისის გამგებლის მოადგილე და 2012 წელს ბოლნისში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, ასევე აქვს 67 069 ლარის ღირებულის ერთი გამარტივებული შესყიდვა.

"დავით ჩართოლანი კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია. შპს ქორულდი 2020 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. მან მესტიის მერიის მიერ გამოცხადებულ 11 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და 10-ში გაიმარჯვა. მოგებული 10 ტენდერიდან 7-ში შპს ქორულდს კონკურენტი საერთოდ არ ჰყავდა, ხოლო დანარჩენი 3 ტენდერი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.

10-დან 9 შემთხვევაში, შპს ქორულდის მიერ შეთავაზებული ფასი მერიის მიერ დადგენილი სამუშაოების სავარაუდო ღირებულებას ემთხვეოდა. იმ ერთ შემთხვევაში კი, როდესაც კომპანიამ ფასი ოდნავ დააკლო, ქორულდი მხოლოდ კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გამოვლინდა გამარჯვებულად". - წერს TI.

მათივე ცნობით, დავით ჩართოლანი პარტია "ქართული ოცნების" შემწირველთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორთან - ოთარ ჩართოლანთან ერთად ფლობს იმავე სახელწოდების კომპანიას - შპს ქორულდს, ასევე არის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორი კომპანიებში ქუალითი ქონსთრაქშენ 2023 და ქონქრით პლიუსი.

"ზემოაღნიშნული გარემოებები აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მესტიის მერია და კომპანია წინასწარ ურიგდებიან ერთმანეთს. შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის შესყიდვების პროცესში კონკურენციის ხელოვნურად შეზღუდვის მაღალი რისკები არსებობს. ეს სისტემური პრობლემები კი მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს". - წერს TI.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები