გიორგი ჩხეიძეს, რომელიც სასამართლოს ეზოში დააკავეს, 4 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

24-04-2025 17:44:44 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში 21 აპრილს დაკავებული დემონსტრანტი გიორგი ჩხეიძე 4000 ლარით დააჯარიმეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე დავით თეთრაულმა გიორგი ჩხეიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის, მეორე ნაწილში გაამტყუნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღევანდელ სხდომაზე არა ჯარიმას, არამედ პატიმრობას ითხოვდა.

სამინისტრო მას სამართალდამცველის შეურაცხყოფას ედავებოდა.

დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მცირე ხნით ადრე მოსამართლე დავით თეთრაულმა სხდომათა დარბაზიდან გააძევა ჟურნალისტი, გამოცემა „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორი მინდია გაბაძე.

როგორც მინდია გაბაძე წერს, გაძევების მიზეზი შემდეგი იყო: „შეკითხვა დავუსვი, თუ რატომ არ მაძლევდა პროცესის გადაღების უფლებას“.

გიორგი ჩხეიძე სისხლის სამართლის წესით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის ცოლისძმაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები