24-04-2025 20:04:02 ევროპა ,პოლიტიკა
მოსკოვი, თბილისთან დიპლომატიური ურთერთობების არარსებობის მიუხედავად, "ოცნების" სადავო ხელისუფლებასთან კონტაქტებს არ მალავს და ღიად აცხადებს იმასაც, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგია. შესაბამისი განცხადება რუსულ მედიასთან საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა.
"სადაც რეალურად არსებობს პოტენციალი და შესაძლებელია, რეალურ სარგებელს გამოჰკრა ხელი, იქ ბრიტანელები პირველები არიან. ევროკავშირი რომ კარგი ყოფილიყო, ბრიტანეთი მას არ დატოვებდა. ევროკავშირში არაფერი ესაქმებათ მათ, ვინც საკუთარ ეროვნულ ეკონომიკებზე ფიქრობს. საქართველოსთან ამ თემაზე არაერთგზის გვისაუბრია, არსებული პოლიტიკური უთანხმოებებისა და დიპლომატიური ურთერთობების არარსებობის მიუხედავად. ჩვენ ვაყალიბებთ ორმხრივ კავშირებს ურთერთპატივისცემისა და ურთიერთსარგებლიანობის ჭრილში. ამ მიმართულებით დიალოგი წარმოებს. მოსკოვი და თბილისი იღწვიან საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობის აქტივიზაციისაკენ, გეგმაზომიერად მიდიან ურთერთობათა ნორმალიზებისკენ, რაც როგორც რუსი, ისე ქართველი ხალხების ინტერესებს პასუხობს" - ასე გამოეხმაურა ზახაროვა "ოცნების" პოლიტსაბჭოს 21 აპრილის განცხადებას, რომლის თანახმად, ქვეყანა "ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2030 წლისთვის იქნება მზად" და ევროინტეგრაციის გზაზე "ყველა ხელშესახები მიღწევა სწორედ მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია".