
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის
25/04/2025 08:22:01 პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის, შესაბამისად ტოვებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას. ამის შესახებ მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას, ჯერ თავდაცვის მინისტრად, შემდეგ უკვე მეორედ პრემიერ-მინისტრად დანიშვნა და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე. საკუთარი ქვეყნის სამსახური კი სხვა პოზიციიდან განვაგრძო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს:
„რა თქმა უნდა, მე კვლავაც 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი მონაპოვრის, იდეალების, ღირებულებების და პრინციპების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება. შესაბამისად, ვრჩები როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მსურს, ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც მომცა უნიკალური შესაძლებლობა, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობებიდან მემსახურა საქართველოსთვის“.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა პოლიტიკაში კვლავ დაბრუნებას, მან უპასუხა, რომ „გამორიცხული არაფერი არ არის“, თუმცა „სისულელე“ უწოდა ოპოზიციური პარტიის შესაძლო შექმნას.
რაც შეეხება მომავალ საქმიანობას, ღარიბაშვილმა შემდეგი განაცხადა:
„მომავალ საქმიანობაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ საზოგადოება გაიგებს. ძირითადად, ეს იქნება კერძო სექტორში საქმიანობა".
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორჯერ იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, იყო შს მინისტრი და თავდაცვის მინისტრი. ბოლო პერიოდში კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, იკავებდა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას.
ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯების გამო საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა „ქართული ოცნების“ არაერთი ლიდერს დაუწესეს სანქციები, ამ დრომდე არსებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი სანქცირებულთა სიაში არ ფიგურირებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021