„ოცნება“ პარტიის ყრილობასა და პოლიტსაბჭოში ცვლილებებს აანონსებს

28-04-2025 22:44:13 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიდან და პოლიტიკიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ, პარტია ყრილობასა და პოლიტიკურ საბჭოში „მცირედ“ ცვლილებებს აანონსებს.

28 აპრილს პარტიაში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თავდაპირველად ჩატარდება „რეგიონული კონფერენციები“, შემდეგ კი გაიმართება ყრილობა.

მდინარაძის თქმით, ყრილობაზე „აირჩევა პარტიის ახალი თავმჯდომარე“. მას არ დაუსახელებია სავარაუდო კანდიდატები.

„თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, როგორც ხდება ხოლმე და შემდეგ უკვე გაიმართება „ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც არჩეული იქნება „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე.

ასევე, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. მცირედით, მაგრამ განახლება იქნება. დეტალები, როგორც ყრილობის თაობაზე, ასევე, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი და პოლიტიკა 26 აპრილს დატოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები