
ევროკომისარი განმარტავს, რატომ არ გამორიცხავს როგორც დამატებით საპასუხო ზომებს, ისე კონტაქტების აღდგენას „ოცნებასთან“
29/04/2025 06:11:02 პოლიტიკა
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ ბრიუსელი საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო დამატებითი ზომების მიღებას არ გამორიცხავს, თუმცა „ფრთხილობს“. ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლებასთან" ისაუბრა.
ამავდროულად, გამოცემის ცნობით, ევროკომისარი არ გამორიცხავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლესი რანგის კონტაქტების აღდგენას, რაც 2024 წლიდან შეჩერებულია.
- „ვერ მივიღებ, რომ საქართველო დავკარგოთ“, – აცხადებს კოსი.
"რადიო თავისუფლების" ევროპის საკითხების რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის კითხვაზე, "საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხად უკვე მიღებული ზომების გარდა, კიდევ რას განიხილავს ბრიუსელი?", მარტა კოსმა განაცხადა, რომ „ბევრი შესაძლებლობა არსებობს“, თუმცა ამ ვითარებაში „ძალიან ვფრთხილობთ“.
- „შეიძლება, ვთქვათ, უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ, გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). შეიძლება, ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, შეიძლება ეს გავყინოთ, ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან. ეს არის შესაძლებლობები. მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. [ქართველი] ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ შეიძლება დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - განაცხადა მარტა კოსმა.
მან ასევე ისაუბრა სანქციების საკითხზე:
- "ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება. დიახ, ჩვენ ვცადეთ ეს [და არ გამოგვივიდა], მაგრამ არიან ცალკეული წევრი ქვეყნები, რომელთაც შემოიღეს ინდივიდუალური სანქციები“.
კითხვაზე, „განიხილავთ თუ არა თბილისში მთავრობასთან საუბრის ხელახლა დაწყებას, მაღალი რანგის კონტაქტების აღდგენას გარკვეულ ეტაპზე“, ევროკომისარმა კოსმა უპასუხა:
- „ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზაა, არ ვესაუბროთ, მაგრამ რომ ესაუბროთ, უნდა იცოდეთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ და მეორე მხარე რაზეა წამსვლელი. ასე რომ, ახლა იმის განხილვაში ვართ, როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ, ეს დიალოგი ვაწარმოოთ იმ აზრით, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ“.
„გამოდის, რომ ეს ნიშნავს მათთან საუბარს, შესაძლოა, სამომავლოდ? ასე უნდა გავიგო?“, - ჰკითხა მას ჟურნალისტმა.
- „დიახ. როგორც ვთქვი, ყველაზე მარტივია, არ ესაუბრო. მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით მსოფლიოში ბევრ სხვა ქვეყანას, რომელთაც არ გააჩნიათ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. თურქეთის კანდიდატობა ჩიხშია, 2019 წლიდან მათთან არ გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ სულ ახლახან დავიწყეთ დიალოგი უმაღლეს დონეზე. გვქონდა ერთი [დიალოგი] ეკონომიკაზე, ახლა ვიწყებთ მეორე [დიალოგს] მიგრაციაზე და ვნახავთ, [სავაჭრო ხელშეკრულების, ევროკავშირი-თურქეთის] საბაჟო კავშირის მოდერნიზების პროცესში შევალთ თუ არა. იცით, ბიზნესსაზოგადოებასაც როგორღაც სურს ამის გაკეთება. ევროკავშირსა და თურქეთს შორის დაახლოებით 240 მილიარდი ევროს მიმოცვლა გვქონდა და ეს საკმაოდ ბევრია“, – განაცხადა დამატებითი კითხვის საპასუხოდ კოსმა.
მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე, „საქართველოშიც შესაძლოა, რომ უმაღლესი რანგის დიალოგი რაიმე ფორმით განვითარდეს მომავალში?“, მან შემდეგი აღნიშნა:
- „ვფიქრობ, უნდა ვიფრთხილოთ, შესაძლოა, დასაწყისში უმაღლეს დონეზე არა, შესაძლოა, დაბალი რანგით დავიწყოთ, მაგრამ შემდეგ ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის განვითარება“.
2023 წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი გახდა. ერთი წლის შემდეგ ბიუსელში ევროკავშირთან ქვეყნის დაახლოება შეჩერდა. მიზეზად ბრიუსელმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაასახელა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021