
პროკურატურა აცხადებს, რომ ჟორჟოლიანთან, ცქიტიშვილთან, ბაჯელიძესთან და კიდევ ორ პირთან „საბოტაჟის საქმეზე“ შევიდნენ
29/04/2025 08:55:41 პოლიტიკა
პროკურატურა 29 აპრილის დილას ხუთ მისამართზე დაწყებული ჩხრეკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ შევიდნენ იმ არასამთავრობო და საქველმოქმედო ფონდების ხელმძღვანელების ბინებში, რომლებიც ეხმარებოდნენ პროევროპული აქციების მონაწილეებს.
„გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების - ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, - წერია პროკურატურის განცხადებაში.
როგორც ადვოკატმა უთხრა მედიას, სასამართლოს განჩინება გამოიცა 2 აპრილს 30-დღიანი მოქმედების ვადით.
29 აპრილის დილას საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის ნანუკა ჟორჟოლიანის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინებში.
„საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში მიმდინარე წლის 17 მარტს, საგამოძიებო უწყების მოთხოვნით, მოულოდნელად დააყადაღეს „ნანუკას ფონდის“, „სირცხვილიას“, „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ ანგარიშები. საქმე მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.
„კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, - განაცხადეს მაშინ პროკურატურაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021