
სანქციები, ახალი არჩევნები, SWIFT–ს და Visa/MasterCard–ს ქსელებიდან „ქართუს“ გათიშვა – რა წერია EPP–ს მიერ მიღებულ რეზოლუციაში
30/04/2025 15:59:33 პოლიტიკა
"ევროპის სახალხო პარტიამ“ EPP საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც, მათ შორის სანქციებზე, ახალი არჩევნებზე და SWIFT–ს და Visa/MasterCard–ს ქსელებიდან „ქართუ ბანკის“ გათიშვაზეა საუბარი.
რეზოლუციის თანახმად, "ევროპის სახალხო პარტია":
- კიდევ ერთხელ ადასტურებს სოლიდარობას საქართველოს ხალხის მიმართ მათი ლეგიტიმური დემოკრატიული უფლებებისთვის, ევროპული მომავლისთვის და რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში.
- გამოხატავს ღრმა მწუხარებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, მიეცა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის; აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის უმრავლესობა;
- გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს, ავტორიტარიზმისკენ და რუსული ორბიტისკენ სვლას და მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას; მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის აღსრულება და დაასრულოს ტერორი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ;
- გმობს „საქართველოს ხელისუფლების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ თავდასხმების კამპანიას;
- მოითხოვს პოლიციის სისასტიკისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და მიუკერძოებელ გამოძიებას, რათა დამნაშავეებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი;
- მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაადგინოს კონკრეტული თარიღი ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, იფუნქციონირებენ პოლიტიკური ჩარევის გარეშე და არა სახელმწიფოს მიტაცების პირობებში;
- მოუწოდებს ევროპის საბჭოს, განსაზღვროს და განახორციელოს მკაფიო და თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც ორი ძირითადი პრინციპით იქნება ნაკარნახევი - (ა) რეჟიმის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფინანსების შემცირება, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მოთხოვნები ყველა შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტისადმი, შეაჩერონ ფინანსური თანამშრომლობა არალეგიტიმურ მთავრობასთან ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე; და (ბ) სანქციების დაწესება რეჟიმის მმართველი, ფინანსურად მხარდამჭერი და პროპაგანდისტული ელიტებისთვის;
- მოუწოდებს ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ შეთანხმების შესრულებას მე-2 მუხლში გათვალისწინებული ზოგადი პრინციპების დარღვევის გათვალისწინებით, კერძოდ, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის პრინციპების დარღვევის გათვალისწინებით;
- მიესალმება საბჭოს გადაწყვეტილებას, პირველ ეტაპზე შეაჩეროს უვიზო რეჟიმი ქართველი დიპლომატებისა და თანამდებობის პირებისთვის და ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ სრულად არის პასუხისმგებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებულ შედეგებზე, თუ არ იქნება დაკმაყოფილებული დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესაბამისი კრიტერიუმები და სტანდარტები;
- მოუწოდებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს და თანამოაზრე საერთაშორისო პარტნიორებს, დაუყოვნებლივ დააწესონ კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების, კომპანიებისა და ხელშემწყობი ქსელის წინააღმდეგ და გაყინონ ივანიშვილის ყველა აქტივი ევროკავშირში; მოუწოდებს ევროპის საბჭოს, მიიღოს ზომები ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ SWIFT და Visa/MasterCard ქსელებიდან გათიშვისთვის და დააწესოს სექტორული სანქციები იმ ბიზნესების მიმართ, განსაკუთრებით კი სპილენძის მადნებითა და ფერადი ლითონებით დაკავებული ბიზნესმენების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს.
- მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები იმ თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული უკუსვლის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე - და გაავრცელონ ეს სანქციები მოსამართლეებზე, რომლებსაც გამოაქვთ პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და ფინანსურად ხელშემწყობ პირებზე, რომლებიც ფარულად ან ღიად უჭერენ მხარს რეჟიმს, და რეჟიმთან დაკავშირებული მედია საშუალებების მფლობელებზე;
- მიესალმება კომისიის გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლებისთვის ყველანაირი საბიუჯეტო მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ და მოუწოდებს ევროპის საბჭოს, ითანამშრომლოს ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირის მიერ შეჩერებული 120 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება სწრაფად რესტრუქტურიზდეს და გადამისამართდეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების მხარდასაჭერად; ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის აუცილებლობას მზარდი რეპრესიებისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობის შეჩერების ფონზე;
- მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, ასევე ეროვნულ პარლამენტებსა და პარლამენტთაშორის ინსტიტუტებს, არ აღიარონ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის ან მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა და აღიარონ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, როგორც ქართველი ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენელი".
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S