01-05-2025 09:08:44 მსოფლიო
დღეიდან რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს.
მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის აეროპორტში პირველ რეისს „ЮВТ Аэро“ დღეს, 1 მაისს შეასრულებს. 3 მაისიდან რეისები კვირაში ერთხელ - შაბათობით შესრულდება. 6 მაისიდან „Икар“ ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით კვირაში ერთხელ შეასრულებს რეისებს. მანამდე, „როსავიაციამ“ ავიაკომპანიებს iFly-სა და NordStar-ს მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან სოხუმის მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა. iFly-ს მოსკოვიდან სოხუმში ფრენების კვირაში 14-ჯერ, NordStar-ს კი - კვირაში 7-ჯერ განხორციელების უფლება აქვს. გარდა ამისა, NordStar-მა კრასნოიარსკიდან სოხუმში კვირაში სამჯერ ფრენის ნებართვა მიიღო.
iFly მოსკოვის შერემეტოვოს აეროპორტიდან სოხუმში რეისების განხორციელებას 30 მაისიდან 25 ოქტომბრამდე გეგმავს.
გარდა ამისა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ „აეროფლოტმა“ (Аэрофлот), რომელიც დასავლეთის სანქციების ქვეშაა, შესაძლოა, ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში იფრინოს. კერძოდ, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, "საავიაციო ხელისუფლება მუშაობს ავიაკომპანიების „Икар“-ის „Северный ветер“ -ის და "Аэрофлот"-ის მიერ რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან სოხუმის მიმართულებით რეისების განხორციელებაზე.
"აეროფლოტის" დამატების შემთხვევაში 6–მდე გაიზრდება იმ რუსული ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთში იფრენენ.
სოხუმიდან 18 კილომეტრში მდებარე აეროპორტი აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ არ ფუნქციონირებს. მის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს შეუძლია თითქმის ყველა ტიპის სამოქალაქო თვითმფრინავის განთავსება, როგორც ზღვის, ასევე მთების მხრიდან.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, რომელიც მედიაში გამოქვეყნდა, სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა და ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს ფრენებს ოკუპირებულ რეგიონში, „დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ და ძირითად პრინციპებს“. თბილისი აცხადებს, რომ საქართველო სარგებლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „უპირობო მხარდაჭერით“.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ სცნობს, რადგან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო მის შესახებ ინფორმაცია.