
„მთავარი არხის” სატელევიზიო მაუწყებლობა საბოლოოდ შეწყდა
01/05/2025 11:30:52 პოლიტიკა
დღეს, პირველ მაისს, კრიტიკული მედიის, „მთავარი არხის” სატელევიზიო მაუწყებლობა საბოლოოდ შეწყდა.
ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ტელეკომპანიამ.
„5 წელი და 8 თვე აქ მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი მაყურებელი, ქართული საზოგადოება და ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა; ღირებულებები, რომელთა გაღრმავებითაც ჩვენ არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ღირსეულ წევრად უნდა დავრჩეთ და გადავრჩეთ; ღირებულებები, რომლებსაც ასე დაუნდობლად ებრძვის და ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს “ქართული ოცნება”.
ჩვენც ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. ჩვენი არხის არსებობა დაარსების დღიდანვე არ იყო მარტივი. ამ გზაზე გადავიტანეთ უამრავი გამოწვევა, რასაც ბევრი, უბრალოდ, ვერ გაუძლებდა. ბევრი წარმატებაც გვქონდა და არც შეცდომებისგან ვიყავით დაზღვეული, თუმცა მათი გამოსწორებისა და არხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის უმძიმესი კრიზისების დროსაც კი არ დაგვიკლია ძალისხმევა. დახურვის პირასაც არაერთხელ ვყოფილვართ ამ წლების განმავლობაში, მაგრამ “მთავარი არხის” თითოეული თანამშრომლის პირადი თავდადებით, თავგანწირვით და ერთგულებით, რიგითი ადამიანებისა თუ ჩვენი პარტნიორების გვერდში დგომით, ზოგჯერ თქვენგან ჩარიცხული თითო ლარით ან, უბრალოდ, გამხნევებით, მაინც ყველა ჯერზე გადავრჩით და წარმოუდგენელ ვითარებაში ვინარჩუნებდით საქართველოს ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული კრიტიკული არხის პოზიციას. იმდენად, რომ, ხშირად, თვითონაც კი გვიკვირდა საკუთარი მოთმინებისა და მიღწევების.
ჩვენ მართლაც შეუძლებელს გავუძელით, მაგრამ, როგორც ეს საქართველოს ისტორიაში, სამწუხაროდ, ბევრჯერ ხდება, ჩვენი ციხეც შიგნიდან გატეხეს, გარე მტერი ვერ მოგვერია. ჩვენ დაგვანგრია სწორედ იმან, ვინც, თავის დროზე, ამ აუღებელი კედლების აშენებაში გვეხმარებოდა. ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავისი პირადი მიზნებისა თუ შურისძიების გამო დახურვამდე მიიყვანა “მთავარი არხი” და ამით დიდი სამსახური გაუწია რუსულ რეჟიმს.
ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენი ციფრული დეპარტამენტი – სოციალური ქსელები და ვებ-გვერდი განაგრძობს მუშაობას. სატელევიზიო მაუწყებლობის შესანარჩუნებლად ჩვენ არანაირი საშუალება აღარ დაგვრჩა.
დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით და გვისმენდით “მთავარი არხის” გუნდს, რომელიც ნებისმიერ ფასად აგრძელებდა თქვენთვის მუშაობას. კადრში თუ კადრს მიღმა, ჩვენ ისევ ძველი ღირებულებებით განვაგრძობთ ბრძოლას და ყველგან და ყოველთვის მთავარი იქნებით თქვენ, ქართველი ხალხი და ჩვენი საქართველო.
მომავალ შეხვედრამდე“, – ნათქვამია „მთავარი არხის“ განცხადებაში. 15 თებერვლიდან „მთავარმა არხმა“ ყველა გადაცემა შეაჩერა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა, ვინაიდან ტელევიზიას ყოველდღიური ოპერირების სახსრები აღარ ჰქონდა. „მთავარი არხის“ განცხადებით, არხის თანადამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა არხს ფინანსური კრიზისი ხელოვნურად შეუქმნა.
მას შემდეგ, რაც 28 აპრილს, „მთავარი არხის“ თანამშრომლებმა გაავრცელეს განცხადებები მაუწყებლობის სრულად შეწყვეტის შესახებ, ნიკა გვარამიამ ახალი არხის გახსნა არ გამორიცხა.
„დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი. სხვანაირად არ და ვერ იქნება, მჯერა და ვიცი. მთავარია ქვეყანა არ დაიხუროს, თორემ მერე გინდა დახურე, გინდა გახსენი, აზრი არ ექნება არაფერს“, – დაწერა გვარამიამ Facebook-ზე.
28 აპრილს „მთავარი არხის“ თანამშრომლებმა გაავრცელეს განცხადებები, რომ 1 მაისიდან არხი მაუწყებლობას სრულად შეწყვეტდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021