01-05-2025 16:19:44 კონფლიქტები
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო და რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებიან.
ტელეგრამ-არხ AMRA-life-ის ცნობით, კირიენკო ანექსირებული ყირიმიდან სოხუმში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან ერთად ჩაფრინდა. 29-30 აპრილს გუნბა იმყოფებოდა ყირიმში.
რუსმა მაღალჩინოსნებმა სოხუმში მშენებარე საავადმყოფო მოინახულეს, რომელიც რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში შენდება.
შეგახსენებთ, რომ დელეგაციის ვიზიტის დღეს - 1 მაისიდან რუსეთი რეგულარულ სამგზავრო ავიამომოსვლას იწყებს სოხუმის აეროპორტში, რომელსაც საერთაშორისო კოდი აღარ გააჩნია. მოსკოვი-სოხუმის პირველ რეისს ვნუკოვოს აეროპორტიდან შეასრულებს ავიაკომპანია UVT aero, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებს შორისაა.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ 30 აპრილს განაცხადა, რომ 30 წელზე მეტხნიანი შესვენების შემდეგ, 1 მაისიდან აფხაზეთში ფრენები განახლდება, UVT aero პირველ რეისს 1 მაისს, ხოლო მეორეს 3 მაისს შეასრულებს და ამის შემდეგ კვირაში ერთხელ იფრენს.
2023 წელს რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან გააფორმა სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შეთანხმება. 2025 წლის თებერვალში რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში საცდელი ავიარეისი შესრულდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა და ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს რეისებს, „დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ და ძირითად პრინციპებს“.
თბილისი აცხადებს, რომ საქართველო სარგებლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „უპირობო მხარდაჭერით“.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო მის შესახებ ინფორმაცია.