Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 28-30 აპრილი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 28-30 აპრილი

01/05/2025 13:16:01 კონფლიქტები

დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა „საზღვრის უკანონო კვეთის“ სტატისტიკა გამოაქვეყნა

აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 1 კვარტალში „საქართველოსთან საზღვრის უკანონო კვეთისა“ და „სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის“ 110 შემთხვევა გამოავლინა. გავრცელებული განცხადების თანახმად, „სამართალდამრღვევებს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა. გარდა ამისა, „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით ერთი პირი „სისხლის სამართლის პასუხისგებაში“ მიეცა, ხოლო სამის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ამავე ცნობით, მითითებულ პერიოდში, აღკვეთილ იქნა ენგურის ხიდზე სხვადასხვა დანიშნულების საქონლის „უკანონო“ გადატანის 15 მცდელობა. დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „უკანონო საქმიანობის ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილე პირების მიმართ მიღებულია სამართლებრივი ზომები აფხაზეთის კანონმდებლობის შესაბამისად“.

რუს კრიმინალურ ავტორიტეტს რუბენ ტატულიანს დე ფაქტო ხელისუფლებამ „დიპლომატიური პასპორტი“ ჩამოართვა

რუს ბიზნესმენს, რუბენ ტატულიანს, რომელიც კრიმინალურ წრეებში „რობსონის“ სახელითაა ცნობილი, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დიპლომატიური პასპორტი გაუუქმა. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა, ასევე უცნობია, კონკრეტულად ვინ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

ცნობილია, რომ ტატულიანს მჭიდრო კავშირი ჰქონდა აფხაზეთის ყოფილ ლიდერთან ასლან ბჟანიასთან. სწორედ ამ ურთიერთობამ განაპირობა, რომ 2020 წელს მან მიიღო როგორც აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა, ისე დიპლომატიური სტატუსი, რასაც ადგილობრივი ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მეტიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, აფხაზეთში ვიზიტისას იგი დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი მანქანებით გადაადგილდებოდა, რომლებიც ციმციმებითა და სპეცნიშნულებით იყო აღჭურვილი.

ტატულიანი წარსულში ქალაქ სოჭში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირად მიიჩნეოდა, ხოლო 2024 წლის ნოემბერში მას ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის მუხლით ბრალი წაუყენეს. გამოძიების თანახმად, რობსონმა კრიმინალური დაჯგუფება 1998 წელს კრასნოდარის მხარეში შექმნა. გარდა ამისა, ტატულიანი სისხლის სამართლის კიდევ ერთ საქმეშია ბრალდებული და მასზე ძებნა გამოცხადდა. 2023 წლის სექტემბერში, ბიზნესმენის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რაც სავაჭრო ცენტრებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის თაღლითურ სქემებს უკავშირდებოდა.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დელეგაციამ „სპიკერ“ ლაშა აშუბას ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ფორუმში, რომელიც ქალაქ ვოლგოგრადში გაიმართა. იგი ღონისძიებაზე სიტყვითაც გამოვიდა და მეორე მსოფლიო ომში „აფხაზეთის როლზე“ ისაუბრა.

„9 მაისი - დიდი გამარჯვების დღე - არის თარიღი, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკაში ყველა მოქალაქეს აერთიანებს. ეს დღე ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში, როგორც საბჭოთა ხალხის გმირობისა და უდიდესი სიმამაცის სიმბოლო. გამარჯვება დიდ სამამულო ომში ჩვენი საერთო ისტორიული გამარჯვებაა. ამ ბრძოლაში თავისი ღირსეული წვლილი აფხაზეთმაც შეიტანა. რესპუბლიკიდან ფრონტზე 55 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა, რომელთაგან ყოველი მესამე უკან არ დაბრუნებულა. მრავალეროვანი აფხაზეთის მოქალაქეები ყველა ფრონტზე იბრძოდნენ - იცავდნენ მოსკოვსა და სტალინგრადს, მონაწილეობდნენ უკრაინის, ბელარუსის, საბჭოთა კავშირის დასავლეთ რეგიონებისა და აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლებაში, იღებდნენ რაიხსტაგს და ბერლინში ხვდებოდნენ გამარჯვებას“, - განაცხადა აშუბამ.

მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ სამხედრო საფრთხეებთან ბრძოლა მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს. ამ კონტექსტში, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა დე ფაქტო ხელისუფლების მხარდაჭერა უკრაინაში რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმართ. „ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის ფედერაციის მიერ სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელების აუცილებლობას. ნეოფაშიზმთან ბრძოლაში მისი მონაწილეები - [მეორე მსოფლიო ომის] გამარჯვებულთა შთამომავლები - დღესაც ჩვენს საერთო ღირებულებებს იცავენ. რუსეთის ჯარისკაცებთან ერთად, ამ ბრძოლაში გმირულად იბრძვიან და იღუპებიან აფხაზი მოხალისეებიც“, - აღნიშნა მან.

აშუბამ რუსეთი „აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტად, მოკავშირედ და სტრატეგიულ პარტნიორად“ მოიხსენია და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნები და ყოფილი სსრკ-ის ზოგიერთი სახელმწიფოები მეორე მსოფლიო ომის შედეგების შეცვლას ცდილობენ“, მათ შორის საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების განადგურების, საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვისა და მხარდამჭერი აქციების აღკვეთის გზით. „მსგავსი ქმედებები მიუღებელია! დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორუმი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ყველა პროგრესული ძალის გაერთიანებაში ისტორიული სიმართლისა და მეხსიერების დაცვის მიზნით,“ - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ ფორუმის დასკვნით პანელზე საზოგადოებას სიტყვით თავად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მიმართეს.

სოხუმში ფრენები შესაძლოა რუსულმა „აეროფლოტმაც“ განახორციელოს

აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა. განცხადების თანახმად, რუსული ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებენ, გაფართოვდება, მათ შორის 31 მაისიდან სოხუმში შესაძლოა დასავლეთის მიერ სანქცირებულმა „აეროფლოტმაც“ იფრინოს.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პირველ ფრენას მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის აეროპორტში 1 მაისს ავიაკომპანია „იუვტ აერო“ შეასრულებს და ეს რეისი კვირაში ერთხელ განხორციელდება. 6 მაისიდან, ასევე კვირაში ერთხელ, გათვალისწინებულია ავიაკომპანია „იკარის“ ფრენები ნიჟნი ნოვგოროდიდან. გარდა ამისა, ივნისიდან ამ სიას შესაძლოა დაემატოს ავიაკომპანია „ჩრდილოეთის ქარის“ რეისები ყაზანიდან და „იკარის“ რეისები უფადან.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, „აეროფლოტმა“ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ სოხუმის მიმართულებით ფრენების განხორციელებას არ გეგმავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S