01-05-2025 19:32:10 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინსიტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმების შესახებ.
უწყების ცნობით, რეფორმის შედეგად შეიქნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს გააერთიანებს.
"გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროში უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი არ შეესაბამება სიმართლეს. რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, იგი გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს. თავის მხრივ ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება 4 სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ეფექტიან კოორდინაციას". - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინსიტროს განცხადებაში.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ 1 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ კოალიციის ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილი ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატის გაუქმებას და ასობით თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს.