01-05-2025 22:48:38 პოლიტიკა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე, ეკატერინე ბენდელიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
როგორც "აქცენტს" ეკა ბენდელიანმა განუცხადა,
"ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არ არსებობს. ჩემი კითხვა გათავისუფლების საფუძველთან დაკავშირებით და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხი, რომ მიზეზი უცნობია, აღმაშფოთებელი, სირცხვილი, მათი მხრიდან ამაზრზენი იყო. ამის შემდეგ მთხოვეს პირადი განცხადების საფუძველზე წავსულიყავი, რაზეც უარი განვაცხადე. პასუხად კი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში გაფრთხილების წერილი მივიღე აღდგომის წინა დღეს გათავისუფლებაზე და ამას მოჰყვა ბრძანება გათავისუფლების შესახებ. სულ ეს არის. მე, რა თქმა უნდა, სამართლებრივ დავას გავაგრძელებ. ვფიქრობ, მომაკვდინებელი პროცესი მიდის - საჯარო სამსახურების რღვევა, საჯარო მოხელეების "მძევლად" აყვანა" - განუცხადა "აქცენტს" ბენდელიანმა.
მისივე თქმით, "როცა ასეთი ველური მიდგომებით ხდება პროფესიული თანამდებობის პირის გათავისუფლება, ეს კონსტიტუციის უგულებელყოფაა".
"როგორ შეიძლება არ მქონდეს ლეგიტიმური პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რაც კარიერის დასაწყისში საჯარო მოხელის ფიცის დადებით დავადასტურე, რომ ვემსახურებოდი ხალხს და სახელმწიფოს, დავიცავდი კონსტიტუციას. რას ვუკავშირებ? ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მოვისმენდი ჩემი კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის შესახებ შენიშვნებს, როცა ეს არ ფიქსირდება და ასეთი ველური მიდგომებით ხდება პროფესიული თანამდებობის პირის გათავისუფლება, ეს კონსტიტუციის უგულებელყოფაა. რა თქმა უნდა, ეს ზღვაში წვეთია იმ გამოწვევასთან შედარებით, რაც ჩვენი ქვეყანის, ჩვენი მომავალი თაობის ევროპული განათლების, შესაძლებლობების რეალურ საფრთხეს უკავშირდება" - განუცხადა "აქცენტს" ბენდელიანმა.
"აქცენტი" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა აღნიშნულ საკითხზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
ეკა ბენდელიანი გარემოს დაცვის დაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე 2007 წლიდან მუშაობდა.
ცნობისთვის: საჯარო უწყებებიდან უკვე 800-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მათ დაგმეს „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებები, საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ძალადობა და მოითხოვეს დაპატიმრებული დემონსტრანტების გათავისუფლება.,