ჟურნალისტები: საზმაუ "რეალური სივრცის" გაგრძელებას არ აპირებს, მენეჯმენტის სურვილია, დაშალოს გუნდი

05-05-2025 15:05:28 პოლიტიკა ,საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "რეალური სივრცის" გუნდის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საზმაუდან გაათავისუფლეს გადაცემის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი, საზმაუს მენეჯმენტმა შეატყობინა, რომ თოქშოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება. ამასთან, ჟურნალისტების თქმით, "საზმაუს მენეჯმენტის სურვილია, დაშალოს რეალური სივრცის" გუნდი და საკუთარი გადაწყვეტილებით გაანაწილოს მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემაზე.

"რეალური სივრცის" გუნდი ამბობს, რომ უარს აცხადებენ მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, უარი კი ნიშნავს შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას.

"30 აპრილს საზმაუს მენეჯმენტმა გადაცემა "რეალური სივრცის" გუნდს წერილობით აცნობა შემდეგი გადაწყვეტილება: იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 11 აპრილს შრომითი ურთიერთობა შეწყდა თოქშოუს წამყვანთან და სახესთან ნინო ზაუტაშვილთან, ხსენებული თოქშოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება. ამავე დოკუმენტიდან ვარკვევთ, რომ საზმაუს მენეჯმენტის სურვილია, დაშალოს "რეალური სივრცის" გუნდი და საკუთარი გადაწყვეტილებით გაანაწილოს მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემაზე, ჩვენ შემოგვთავაზეს, მუშაობა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს დილის გადაცემაში, ვებზე, პრომოუშენის დეპარტამენტში, მუსიკალურ გადაცემაში.

ჩვენ არ ვაკნინებთ მაუწყებლის არც ერთ შემოქმედებით რედაქციას ან გადაცემას, მაგრამ აშკარაა მენეჯმენტის განზრახვა, რომ გუნდი დანაწევრდეს და მისმა ვერცერთმა წევრმა ვერ მოახერხოს იმის გაკეთება, რისი გამოცდილება და კვალიფიკაციაც აქვს, არ აკეთოს გადაცემა, რომელიც, ვფიქრობთ, განსაკუთრებით სჭირდება საზოგადოებას, პირდაპირ პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ ფუნქციას - ისმოდეს საზოგადოების ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. "რეალური სივრცე" 12 წლის წინ შეიქმნა, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მიზანი იყო ადამიანებს, სახელმწიფო მოხელეებსა და პოლიტიკურ ოფიციოზს შორის თანასწორი დისკუსიის შესაძლებლობა და ველი შეგვექმნა.

[...] მენეჯმენტის მიერ გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით მოვაწეროთ ხელი ამ გადაცემის, ანუ იმ სივრცის დახურვას, რომელიც თქვენთვის შევქმენით. ამიტომ ჩვენ უარს ვამბობთ მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, რომელმაც უკვე გვითხრა, რომ უარი ნიშნავს ჩვენთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას. ამიტომ, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი - საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელმა მენეჯმენტმა, იმ კონკრეტული სახელებით და გვარებით, რომლებსაც შეინახავს ამ არხის საქმის წარმოების დეპარტამენტი, დახურა 12-წლიანი გადაცემა, "რეალური სივრცე" და უკანონოდ გაუშვა გადაცემის წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი. [...] სოლიდარობა და თავისუფლება ჩვენს კოლეგას, მზია ამაღლობელს, რომლის სიტყვებიც "იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის" უნდა გვახსოვდეს, ჩვენი ბრძოლის ერთადერთი საშუალება კი სიმართლის თქვენამდე მოტანაა, გადაცემა "რეალური სივრცის" გუნდს ამ არხზე ეს შესაძლებლობა აღარ აქვს". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 11 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გადაცემა მოამბის წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და გადაცემა "რეალური სივრცის" წამყვანი ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს. ამასთან, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის "ეჭვქვეშ დაყენების" გამო დისციპლინური სანქციები დაუწესდა საზმაუს 4 თანამშრომელს, გადაცემა რეალური სივრცის ჟურნალისტ თამარ მშვენიერაძეს, გადაცემის წამყვან სოსო კაციტაძეს, გადაცემა პულტის რეჟისორ კახა მელიქიძეს და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორ ირმა ჩუბინიძეს.

18 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის 3 თანამშრომელს, გადაცემა რეალური სივრცის რედაქტორ ტუხა კვინიკაძეს, შაბათ-კვირის შოუს კორესპონდენტ ანა აბაკელიას და შაბათ-კვირის შოუს აღმასრულებელ პროდიუსერ თამარ ჯინჭარაულს გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საყვედური გამოუცხადა და გაფრთხილება მისცა.

სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება 24 აპრილს ასევე მისცეს კიდევ ერთ თანამშრომელს, ტექნიკისა და ტექნოლოგიების მემონტაჟეთა და გრაფიკოსთა ჯგუფის მემონტაჟე-ოპერატორს, გივი კიტიას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები