05-05-2025 18:40:14 კონფლიქტები
სოხუმის აეროპორტმა სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყო
1 მაისს მოსკოვიდან სოხუმის მიმართულებით პირველი სამგზავრო ავიარეისი შესრულდა, რომელიც დასავლეთის მიერ სანქცირებულმა ავიაკომპანიამ „იუვთ აერო“ შეასრულა. პირველ თვითმფრინავს სოხუმში სახანძრო მანქანების წყლის „სალუტით“, სიმღერებითა და ცეკვებით შეეგებნენ.
ბადრა გუნბას შეფასებით, სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ხელს შეუწყობს აფხაზეთის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ იგი ასევე გამოეხმაურა თბილისში გაკეთებულ განცახედებას იმის თაობაზე, რომ ავიაკომპანიები, რომლებიც სოხუმში ფრენებს განახორციელებენ, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ვერ იოპერირებენ. „ეს პოლიტიკური განცხადებებია, რომლებიც გვესმის. თუმცა ჩვენს გეგმაშია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების შემდგომი განვითარება. ჩვენს პროექტებს საქმით და არა სიტყვებით განვახორციელებთ“, - განაცხადა გუნბამ.
ქართული მხარის პოზიციასთან დაკავშირებით კომენტარი დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა რაულ ლოლუამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „საქართველო აეროპორტის მუშაობას უნდა შეეგუოს“. „საერთაშორისო სამართლის ნორმებზე აპელირებით, საქართველომ ჩვენი აეროპორტი უკანონოდ გამოაცხადა, მაგრამ საერთაშორისო ნორმები ხომ ხალხისთვის უნდა არსებობდეს“, - განაცხადა მან. ლოლუას თქმით, „საქართველოს არ მოსწონს, როდესაც დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფო ზღუდავს მის სუვერენულ უფლებას, ესა თუ ის კანონი მიიღოს, თუმცა აფხაზეთთან მიმართებით საქართველოც იგივე მიდგომას იყენებს“. „ამას ორმაგი სტანდარტი ჰქვია. ჩვენ ჩვენი გზით ვაგრძელებთ სიარულს, ხოლო საქართველო წარსულში ჩარჩა და ახალი რეალობის აღიარებაზე უარს ამბობს“, - დასძინა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა.
საერთაშორისო ლიცენზიის არარსებობის გამო, სოხუმის აეროპორტში ფრენების შესრულება მხოლოდ რუსეთიდან იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე მათ ძირითადად შიდა ფრენებზე ორიენტირებული მცირე ზომის რუსული ავიაკომპანიები შეასრულებენ. რამდენიმე დღის წინ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოხუმში ფრენები შესაძლოა „აეროფლოტმაც“ განახორციელოს, თუმცა მოგვიანებით ავიაკომპანიამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
აფხაზეთს ახალდანიშნული კურატორი ეწვია
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რომელიც 2025 წლის იანვრიდან კრემლში აფხაზეთის მიმართულებას კურირებს, სამუშაო ვიზიტით სოხუმში ჩავიდა. დელეგაციაში რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკოც იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, კირიენკო ოკუპირებული ყირიმიდან სოხუმში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან ერთად ჩაფრინდა.
რუსმა მაღალჩინოსნებმა სოხუმში რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი მოინახულეს, მათ შორის იყო ბავშვთა საავადმყოფო, რომელიც რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში შენდება. აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებს ასევე გადაეცა ორი რენტგენის აპარატი და ფლუოროგრაფიის ოთახი.
კირიენკო, დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან ერთად, სოხუმის აეროპორტში პირველ სამგზავრო თვითმფრინავს დახვდა. გარდა ამისა, 1 მაისს, სოჭის სადგურიდან სოხუმის მიმართულებით პირველი რეისი გააკეთა ახალმა ელექტრომატარებელმა „დიოსკურია“, რომელსაც ასევე კირიენკო და გუნბა დახვდნენ. კრემლის წარმომადგენლის თქმით, საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღმოსავლეთ აფხაზეთში ტურიზმის განვითარებას, რაც თავის მხრივ სამუშაო ადგილებს და დამატებით შემოსავალს გულისხმობს.
რუსეთში ოკუპირებულ აფხაზეთთან როუმინგის გაუქმებას განიხილავენ
აღნიშნული ინიციატივა პარტია „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“ თავმჯდომარემ, სერგეი მირონოვმა წარადგინა. კერძოდ, მან რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს წერილობით მიმართა, განიხილოს მოსკოვსა და სოხუმს შორის როუმინგის გაუქმების თაობაზე „მთავრობათაშორისი“ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.
მირონოვის თქმით, 2025 წლის 1 მაისიდან სამოკავშირეო სახელმწიფოს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით გაუქმებულია როუმინგი რუსეთსა და ბელარუს შორის, ხოლო ტურისტული სეზონის დაწყებამდე განსაკუთრებით აქტუალური ხდება როუმინგი აფხაზეთთანაც გაუქმდეს.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტების მოსაზრებით, როუმინგის გაუქმება შესაძლოა აფხაზური მობილური ოპერატორებისთვის მძიმე ფინანსურ ტვირთად იქცეს, ვინაიდან მათი შემოსავლების დიდი ნაწილი სწორედ როუმინგის ტარიფებზე მოდის. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უკეთესი პირობების გამო რუსული მობილური ოპერატორების მომსახურებას მიანიჭოს უპირატესობა.