Accentnews.ge
ოპოზიცია – წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის" მიღებაზე: ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს

ოპოზიცია – წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის" მიღებაზე: ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს

06/05/2025 08:07:08 პოლიტიკა

ოპოზიციაში ეხმიანებიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის" მიღების ფაქტს.

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე:

"MEGOBARI აქტი“, რეალურად ქართველი ხალხის პასუხია, ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, ძალადობასა და რეპრესიებზე, რაც „რუსულმა ოცნებამ“ ბოლო 13 წელიწადში საქართველოში ჩაიდინა! კი, „ქართული ოცნება“ ნამდვილად იქცა „ქართულ კოშმარად“, როცა ღირსება აყარა სასამართლოს; მოკლა ინსტიტუციები; ფიზიკურად იძალადა ხალხზე; დაუპირისპირდა სამოქალაქო საზოგადოებას; დაარღვია კონსტიტუცია და უარი თქვა ევროპულ კურსზე; დაგვიკარგა ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია, რასაც ანაკლიის პორტი გვაძლევდა. დღეს უკვე ცხადია, რომ ყველა ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დადგება და „MEGOBARI აქტი“ სწორედ ამის წინაპირობაა! გზავნილი მიღებულია - ნამდვილი მეგობრები მათ გვერდით დგანან, ვინც თავისუფლებისა და ღირსებისთვის იბრძვის და არა მათთან, ვინც შიშითა და რეპრესიებით ებღაუჭება ძალაუფლებას“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე:

„მადლობა ჩვენს მეგობარ ამერიკას ამ გადამწყვეტ მომენტში ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის. მეგობრებო, ჩვენი უწყვეტი წინააღმდეგობა უკვე იძლევა შედეგს, აშშ-ის კონგრესმა ერთხმად მიიღო საქართველოს „MEGOBARI აქტი”. ეს არის ერთიანი, მტკიცე გზავნილი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიისგან. საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი, საქართველო არის თავისუფლების მოყვარე ერი და მათი ბრძოლა იმსახურებს მხარდაჭერას. წარმოუდგენელი რამ მოხდა - 165 რესპუბლიკელმა და 180 დემოკრატმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ აქტს. ამერიკაში, სადაც პარტიებს თითქმის ყველა საკითხზე სერიოზული უთანხმოება აქვთ, ასეთი თანხმობა მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის და პრინციპულად სწორ საკითხებზე მიიღწევა. დღეს ასეთი საკითხი გახდა ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ ამერიკის ხმა, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგობის საერთაშორისო აღიარება. ეს არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს. ყველა, ვინც დღეს ან ხვალ ასოცირდება “ოცნებასთან”, გაიზიარებს მის ბედს. ახლა ამ მხარდაჭერას უნდა მივცეთ გაგრძელება საქართველოში, უნდა ვიქცეთ ერთ მუშტად შეკრულ ერად, რათა ეს წარმატება საერთო დიდ გამარჯვებად გადაიქცეს. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ყველაზე მთავარი წინ არის!".

„ერთიანობა ნაციონალუირ მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე:

„MEGOBARI აქტის“ გავლენა, ასევე, წლები იმოქმედებს იმ მოძალადეებზე, ჩინოვნიკებზე, ბიუროკრატებზე, თანამდებობის პირებზე, პროკურორებზე, მოსამართლეებზე სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებზე, ვინც ამ ხელისუფლების პირობებში არა მხოლოდ დავალებებს აძლევდა, არამედ ასრულებდა. ივანიშვილის ხელისუფლების დამფინანსებელი ბიზნესიც ვერ მოიშორებს ამ გავლენას, ისევე როგორც, იანუკოვიჩის ხელისუფლებაზე აშშ-ს მიერ სპეციალურად გავრცელებული სენატორ პატრიკ ლიჰის აქტი. თუმცა, MEGOBARI გაცილებით ძლიერია. კიდევ ვერ ხვდებიან - რა სტიგმაა ივანიშვილის რუსული მორჩილების ქვეშ ყოფნა".

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი:

“ძალიან ბევრი პუნქტია ჩაწერილი ამ აქტში, რომლის მეშვეობითაც მხარს დაგვიჭერს აშშ და გვერდით დაუდგება ქართულ სახელმწიფოს, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობისგან ვითარების კუთხით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისევე როგორც უვიზო მიმოსვლის კუთხით, მაგრამ ეს ვერ მოხდება “ოცნების” პირობებში და სწორედ ამაზეა საუბარი დოკუმენტში. ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა და კოლეგებმა ვაშინგტონიდან გიორგობის დღესასწაული მოგვილოცეს „MEGOBARI აქტით". ეს “მეგობარი” - შემთხვევითი სიტყვა არ არის, ეს არის შემოკლება, ანტონიმი იმ აქტისა, რომელიც ქვედა პალატამ მიიღო გუშინ კენჭისყრაზე აბსოლუტური უმრავლესობით და უდიდესი მხარდაჭერით, აქ იგულისხმება ქართველი ხალხის მხარდაჭერა უსაფრთხოების თვალსაზრისით, დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, მობილიზება ყველა იმ რესურსისა, რომელიც ხელთ გააჩნია აშშ-ს იმისათვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული, სწრაფად მზარდი და განვითარებადი ქვეყანა და ასევე შეერთებული შტატების პარტნიორი ამ რეგიონში. მმართველი გუნდის, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს მომავალ პერსპექტივებს ამერიკასთან მეგობრობის და პარტნიორობის შესაძლებლობებს, მის უსაფრთხოებას და რაც მთავარია დემოკრატიას ძირს უთხრიან, მათთვის სასიამოვნო ფაქტი ნამდვილად არ არის, რადგან ამ ადამიანების სანქცირებაზეა საუბარი და გაწერილია ზუსტად ვინ როგორ და რა ფორმით უნდა დასანქცირდეს, მაგრამ ასევე „MEGOBARI აქტი" იმიტომ არის „MEGOBARI აქტი", რომ ძალიან კარგად და პოზიტიურად არის განწყობილი საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. ძალიან ბევრი პუნქტია ჩაწერილი ამ აქტში, რომლის მეშვეობითაც მხარს დაგვიჭერს აშშ და გვერდი დაუდგება ქართულ სახელმწიფოს, თუ საქართველო ამ არჩევანს გააკეთებს, ხოლო ივანიშვილის პირობებში შეუძლებელია, რომ საქართველო იყოს დასავლური სამყაროს ნაწილი, აშშ-ის პარტნიორი ქვეყანა, რადგან ამ ადამიანებს სხვა პრიორიტეტები და სხვა საგარეო კურსი აქვთ არჩეული. აქედან გამომდინარე, „MEGOBARI აქტი" არის ქართველი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფალი ვაჭრობის განვითარების კუთხით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისევე როგორც უვიზო მიმოსვლის კუთხით, მაგრამ ეს ვერ მოხდება“ოცნების” პირობებში და სწორედ ამაზეა საუბარი დოკუმენტში".

„კოალიცია ცვლილებისთვის“:

„აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი „MEGOBARI აქტის” მიღებას, რითაც ჩვენი ქვეყნის ამერიკელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს უდიდესი მხარდაჭერა ქართველ ხალხს და ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ივანიშვილის უზურპატორი, მოძალადე, ავტორიტარული, რუსული რეჟიმის პასუხისმგებლობისკენ.

„MEGOBARI აქტი“ ითხოვს - პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებასა და იმ პირების სანქცირებას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენების ზრდას. ასევე, სანქციები მათი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში.

„MEGOBARI აქტის“ კენჭისყრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველ ხალხს, საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში.

აქტის მხარდაჭერა ცხადყოფს, რომ ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წარმომადგენლების რიტორიკა, თითქოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები შეიძლება საქართველოში მიმდინარე ანტიდემოკრატიულ პროცესს შეეგუონ და უზურპატორი ე.წ. ხელისუფლების ლეგიტიმაცია აღიარონ, არის ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანისთვის გამიზნული პროპაგანდა. "MEGOBARI აქტის“ მიღებით ამერიკის შეერთებული შტატები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე ამოქმედდა.

ჩვენ, პროდასავლური პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნისა და საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის ვიბრძვით, ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერას და დარწმუნებულნი ვართ, რომ „MEGOBARI აქტი" მალე გაივლის დარჩენილ პროცედურებს, რაც ნიშნავს მძიმე წნეხს მათ წინააღმდეგ, ვინც ანადგურებს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ხოლო მნიშვნელოვან მხარდაჭერას მათთვის, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვის”.

ცნობისთვის: 6 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBARI აქტს“ მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა.

კანონპროექტის მხარდამჭერი კონგრესმენიდან 168 რესპუბლიკელია, ხოლო 181 – დემოკრატი. მოწინააღმდეგეთაგან კი - 34 რესპუბლიკელია და 8 – დემოკრატი.

აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში ამჟამად 433 კონგრესმენია, მათგან 220 რესპუბლიკელია და 213 – დემოკრატი. კანონის მისაღებად 218 ხმა არის საკმარისი.

შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, შემდეგი ორი ეტაპი კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერაა.

„MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S