06-05-2025 16:47:04 მსოფლიო
ბრიტანეთი რუსეთის მხრიდან პირდაპირი სამხედრო თავდასხმისთვის საიდუმლოდ ემზადება, – იუწყება The Telegraph.
როგორც გამოცემა იტყობინება, "ოფიციალურ პირებს სთხოვეს, განაახლონ 20 წლის წინანდელი საიდუმლო გეგმა, რომელიც თავდასხმისა და ომის გამოცხადების შემთხვევაში მოქმედებებს ითვალისწინებს".
"საიდუმლო დოსიეში აღწერილი იქნება, თუ როგორ უპასუხებს მთავრობა ომის გამოცხადებას, მათ შორის საუბარია ბუნკერების მოწყობაზე სამთავრობო კაბინეტის და სამეფო ოჯახის დასაცავად, საზოგადოებრივი მაუწყებლობისა და რესურსების მარაგის შესაქმნელად", – წერს The Telegraph.
მისივე ცნობით, "კრემლის მაღალჩინოსნები არაერთხელ დაემუქრნენ დიდ ბრიტანეთს პირდაპირი თავდასხმით უკრაინის მხარდაჭერის გამო".
"ექსპერტები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ქვეყანა დაუცველია მისი კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის, მათ შორის გაზის ტერმინალების, წყალქვეშა კაბელების, ატომური ელექტროსადგურების და სატრანსპორტო კვანძების თავდასხმის მიმართ", – წერს The Telegraph.
The Telegraph იუწყება, რომ განახლებული გეგმა შეიქმნება ცივი ომისდროინდელი საიდუმლო დოსიეს მიხედვით, რომელშიც გაწერილი იყო, როგორ უპასუხოს მთავრობამ ბირთვულ თავდასხმას, ასევე ის შეიცავდა პრემიერ-მინისტრისა და კაბინეტის ძირითადი წევრების ევაკუაციის გეგმებს. გამოცემის ცნობით, პირველად მსგავს დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება კიბერთავდასხმის ვერსიაც.
The Telegraph–ის ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დოკუმენტი ათწლეულების განმავლობაში ან ოდესმე საჯაროდ გამოქვეყნდეს.
როგორც გამოცემა წერს, ბრიტანელმა მინისტრებმა აპრილში ოფიციალურად პირველად უწოდეს რუსეთს საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
"იანვარში გამოქვეყნებული რისკების შეფასების დოკუმენტის თანახმად, წარმატებული თავდასხმა „სავარაუდოდ, მშვიდობიანი მოსახლეობისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წევრების დაღუპვას“ და სერიოზულ ეკონომიკურ ზიანს გამოიწვევს, ასევე ხელს შეუშლის ძირითადი სამსახურების მუშაობას.
თავდაცვის წარმომადგენლებმა ასევე მოუწოდეს ბრიტანეთს, შეიმუშაოს ისრაელის „რკინის გუმბათის“ მსგავსი საკუთარი ვერსია სარაკეტო თავდასხმებისგან დასაცავად. [...]
რუსეთი, ჩინეთი და ირანი აცხადებენ, რომ შეიმუშავეს ჰიპერბგერითი რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ხმის სიჩქარეზე 10-ჯერ მეტი სიჩქარით გადაადგილება.
ბრიტანელი ოფიციალური პირების განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში არსებული გაზის ტერმინალები და ხუთი მოქმედი ატომური ელექტროსადგური, რომლებსაც შეუძლიათ რადიოაქტიური მასალის გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით და რომელიც გამოიწვევს მნიშვნელოვან გრძელვადიან ზემოქმედებას უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური თვალსაზრისით.
მთავრობამ ასევე მოდელირება გაუკეთა დიდ ბრიტანეთზე ბირთვული სარაკეტო თავდასხმის ალბათობას და გავლენას, მაგრამ ამ მიმოხილვის ოფიციალური დასკვნებიც გასაიდუმლოებულია", – იტყობინება The Telegraph.