
«მსგავსი ხისტი რიტორიკა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებში არასოდეს ყოფილა»
04/03/2020 15:33:58 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ ასლან ბჟანიას საარჩევნო შტაბი «გაკვირვებულია» დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის – ვალერი ბგანბას მიერ დღეს «აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ელჩთან» ალექსეი დვინიანინთან შეხვედრაზე გაკთებული ხისტი განცხადებების გამო და ბგანბას ქცევას «აფხაზეთის სტრატეგიული მოკავშირის – რუსეთის ფედერაციისადმი უსაფუძვლო დემარშად» მიიჩნევს.
«როგორც მედიიდან გახდა ცნობილი, დღეს აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ დაიბარა რუსეთის ფედერაციის ელჩი ალექსეი დვინიანინი და მას ულტიმატუმი წაუყენა, მოითხოვა რა რუსეთის გენერალური პროკურატურისგან, აფხაზური პარლამენტის დეპუტატის, პრეზიდენტობის კანდიდატ ასლან ბჟანიას რუსეთის ტერიტორიაზე “ვითომდა მოწამლვის” ფაქტი სათანადოდ იქნას გამოძიებული. ამ მოთხოვნის მოტივაცია იმითაა გასაკვირი, რომ აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კარგად იცის: მას დაქვემდებარებულმა ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა ბჟანიას ავადობის მიზეზების შესახებ ოფიციალური ვერსია. ამდენად, გაუგებარია, ინფორმაციის რა წყაროებს უფრო ენდობა ვალერი ბგანბა – მედიას, ფეისბუქს, თუ აფხაზეთის ოფიციალურ სტრუქტურებს?
იქმნება შთაბეჭდილება, რომ აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თავისი დემარშის შესაძლო საერთაშორისო შედეგებზე დაუფიქრებლად, გადაწყვიტა, ჩაეტარებინა ერთგვარი პიარ-აქცია - «აი, როგორი მაგრები ვართ!». სხვა შემთხვევაში ძნელი წარმოსადგენია, აფხაზეთის ხელმძღვანელობა არამეგობრულ აქტში რუსეთის ფედერაციას ადანაშაულებდეს და ემუქრებოდეს “უფლებით, დაიცვას აფხაზეთის სუვერენიტეტი და აფხაზი ხალხი”.
ამ დემარშს შეიძლება, ორმხრივ ურთიერთობებში ნეგატიური შედეგები მოჰყვეს, რადგან მას არაფერი აქვს საერთო ასლან ბჟანიას ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან. ჩვენ, პრეზიდენტობის კანდიდატ ასლან ბჟანიას თანამებრძოლები, გავეცანით რა ოფიციალურ სამედიცინო დასკვნას მისი ამჟამინდელი ავადობის თაობაზე და არა სხვადასხვა მედიასაშუალებების მონაჭორებს, დარწმუნებულები ვართ, რომ ქვეყანაში არსებული რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება არანაირ კავშირში არ არის გარე, მით უფრო რუსეთის ფედერაციიდან ზემოქამედებასთან. ეს, სამწუხაროდ, ჩვენი ყოფის ხარისხია და ჩვენ თავად უნდა მივაღწიოთ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობებში სტაბილიზაციას და არა ვიკვებოთ გამოგონილი ფობიებით და პასუხისმგებლობა გამოცდილ მეგობრებს გადავაკისროთ. მით უფრო, რომ სწორედ რუსმა მედიკოსებმა მოახდინეს სოჭში ასლან ბჟანიას რეანიმირება და ახლაც ზრუნავენ კრასნოდარში მის გამოჯანმრთელებაზე.
ვალერი რამშუხის ძევ, გაოგნებულები ვართ, სხვათა შორის», - ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ ასლან ბჟანიას საარჩენო შტაბის განცხადებაში.დღეს რუს დიპლომატთან შეხვედრისას ვალერი ბგანბამ რუსული მედია ასლან ბჟანიას მოწამლვის შესახებ “ცრუ ინფორმაციის გავრცელებით აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში” დაადანაშაულა და რუსეთის გენერალური პროკურატურისგან ფაქტის სათანადოდ შესწავლა მოითხოვა. “წინააღმდეგ შემთხვევაში ეს განხილული იქნება, როგორც არამეგობრული ნაბიჯი და ვიტოვებთ უფლებას, დავიცვათ ქვეყნის [ოკუპირებული აფხაზეთის] სუვერენიტეტი და აფხაზეთის მოქალაქეები” – აღნიშნა მან.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ე.წ. ელჩმა ალექსეი დვინიანინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ გუშინ «აფხაზეთის სხვადასხვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენელი ექსტრემისტები რუსეთის საელჩოს პიკეტირებას გეგმავდნენ».
ცნობისთვის: რუსმა მედიკოსებმა ასლან ბჟანიას მოწამლვა გამორიცხეს.
«ტარდება სინდრომისეული თერაპია. პაციენტის მდგომარეობა განპირობებულია რესპირატორული სიმპტომატიკით. მოწამლვის შესახებ მონაცემებ არ მიგვიღია. წინასწარი შედეგები მიღებულია, მოწამლვის შესახებ მონაცემები არ გვაქვს», - განუცხადა რუსულ სააგენტო “ТАСС”-ს კრასნოდარის (რუსეთი) საოლქო საავადმყოფოს წარმომადგენელმა.
ასლან ბჟანია შეუძლოდ 2 მარტს, რუსეთში ვიზიტის დროს გახდა და იგი სასწრაფოდ სოჭის კლინიკაში მოათავსეს, მოგვიანებით კი კრასნოდარში ტრანსპორტირების მიზნით მედიკამენტოზურ კომაში შეიყვანეს. 3 მარტს დილით ბჟანია კომიდან გამოვიდა და ახლა მკურნალობას რუსეთში აგრძელებს.
აფხაზური ოპოზიცია ეჭვობდა, რომ ბჟანია რუსეთში კვლავ მოწამლეს, ისევე, როგორც 2019 წელს – დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევენის წინაპერიოდში.
• ამჯერად ოკუპირებულ რეგიონში ხელახალი “საპრეზიდენტო” არჩევნებისთვის ემზადებიან, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ 22 მარტისთვის დაინიშნა.