ჩიკვაიძესა და პაპიაშვილს 9 და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

07-05-2025 17:45:01 პოლიტიკა ,სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 მაისს გამართულ სხდომაზე ბიზნესმენს, „რამზეს იახტების“ დამფუძნებელ გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს - 8 წლით.

ჩიკვაიძე 11 მარტიდან პატიმრობაშია, ირაკლი პაპიაშვილი კი დღეს სასამართლოში დააპატიმრეს.

გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლე იზა კელენჯერიძემ.

მათ ბრალად დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისება და გაფლანგვა ედებოდათ. ეს სისხლის სამართლის 182-ე მუხლია, რომელიც 3-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 17 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის სისხლისსამართლებრივი დევნა „პოტენციურად სამოქალაქო დავაა, რომელშიც არ არსებობს არც თაღლითობის მტკიცებულებები და არც მითვისების შემადგენლობა“.

5 მაისს პატიმრობაში მყოფმა გიორგი ჩიკვაიძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ წარმომადგენლების მეშვეობით აშშ-ის ჰელსინკის კომისიას გადასცა დოკუმენტაცია, „რომელიც ამხელს რუსული და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივ ოპერაციას ამერიკელი მაღალჩინოსნების გადმოსაბირებლად“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები