
კობახიძე – წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის" მიღებაზე: აქ „დიპ სტეიტმა“ სძლია ტრამპის ადმინისტრაციას
07/05/2025 12:31:34 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის" მიღება „ამ კონკრეტულ შემთხვევაში“ იყო „დიპ სტეიტის“ გამარჯვება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე, თუმცა „ბრძოლა გრძელდება“.
„რაც შეეხება „MEGOBARI აქტს“, „MEGOBARI აქტი“ სინამდვილეში მტრული აქტია. აქ კიდევ ერთხელ ვლინდება ორუელისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ა.შ. ამის გაგრძელებაა. როგორ შეიძლება მეგობარი აქტი ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამსჭვალულია. ეს არის მტრული აქტი.
ბრძოლა ტრამპსა და „დიფ სთეითს” შორის გრძელდება. როდესაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტულ მომენტში „დიფ სთეითმა” ტრამპის ადმინისტრაციას სძლია. ეს ვიხილეთ ჩვენ ორი დღის წინ.
ჩვენ ჯერ კიდევ ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითს” დაამარცხებს. ეს თუ ასე მოხდება, ამ შემთხვევაში ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის დალაგდება.
ისინი „დიფ სთეითის” გავლენის ქვეშ არიან. არიან ადამიანები, რომლებიც არა პრეზიდენტ ტრამპის გავლენის ქვეშ, არამედ „დიფთ სთეითის” გავლენის ქვეშ [არიან]. მაგალითად: ჯო უილსონი. ჯო უილსონი თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითია”. ის ტრამპის გავლენის ქვეშ არ არის.
ამ შემთხვევაში ტრამპზე „დიფ სთეითმა” გაიმარჯვა. მე ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი „დიფ სთეითს” აჯობებს. ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: 6 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBARI აქტს“ მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა.
კანონპროექტის მხარდამჭერი კონგრესმენიდან 168 რესპუბლიკელია, ხოლო 181 – დემოკრატი. მოწინააღმდეგეთაგან კი - 34 რესპუბლიკელია და 8 – დემოკრატი.
აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში ამჟამად 433 კონგრესმენია, მათგან 220 რესპუბლიკელია და 213 – დემოკრატი. კანონის მისაღებად 218 ხმა არის საკმარისი.
შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, შემდეგი ორი ეტაპი კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერაა.
„MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.