09-05-2025 15:55:43 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერებსა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს აფრთხილებს 26 მაისის გეგმებთან დაკავშირებით.
„26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი, ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც ეს ღონისძიებები იმართებოდა შარშან, შარშანწინ, წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია, ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
26 მაისის გეგმებთან დაკავშირებით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 6 მაისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველა მოქალაქე „ჩაიბარებს 26 მაისს“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება 26 მაისს დედაქალაქსა და მუნიციპალიტეტებში ღონისძიებებს მართავს. წელს პირველად, საღონისძიებო სივრცეების ჩამონათვალში არ მოხვდა თბილისის მთავარი (რუსთაველის) გამზირი, სადაც ხუთ თვეზე მეტია, აქციები იმართება, ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.