09-05-2025 18:08:25 კონფლიქტები
მოსკოვში ბადრა გუნბასა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება
10 მაისს მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის ბადრა გუნბასა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართება. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში ეს უკვე მეორე შეხვედრა იქნება. პირველი შეხვედრა მათ შორის მიმდინარე წლის 5 მარტს, გუნბას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შედგა. აფხაზური მედიის ცნობით, გუნბა და პუტინი პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით, ბადრა გუნბა და ცხინვალის რეგიონის ლიდერი ალან გაგლოევი 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას.
მოსკოვი და სოხუმი ერთიანი თავდაცვის სივრცის ფორმირებაზე შეთანხმდნენ
აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ ანუა გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მოსკოვს ეწვია, სადაც რუსეთის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელოუსოვს შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა მაღალჩინოსანმა აფხაზეთთან ერთიანი თავდაცვის სივრცის ფორმირების თაობაზე განაცხადა, რაც 2024 წელს მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებიდან“ გამომდინარეობს. მისივე თქმით, „აფხაზეთი რუსეთის სანდო პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში“.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე საშუალო სკოლის გახსნას ითვალისწინებს.
“ყველანაირად ვეხმარებით აფხაზეთს შეიარაღებული ძალების განვითარებისა და სამხედრო პერსონალის მომზადების პროცესში. ამჟამად რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში უფასოდ 200 აფხაზი სამხედრო მოსამსახურე სწავლობს. მზად ვართ, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად განვავითაროთ“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
თავის მხრივ, ვლადიმირ ანუამ მას მადლობა გადაუხადა აფხაზეთის „თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში“ შეტანილი წვლილისთვის.
ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმში დაგეგმილი პირველი ავიარეისი გაუქმდა
ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით ნიჟნი ნოვგოროდიდან დაგეგმილი პირველი რეისი, რომელიც 6 მაისს 17:50 საათზე ავიაკომპანია „იკარს“ უნდა შეესრულებინა, უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ჯერ გადაიდო, ხოლო შემდეგ გაუქმდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო რეისები მოსკოვსა და სხვა ქალაქებშიც არ შესრულდა.
1 აპრილიდან აფხაზეთს ელექტროენერგიით ისევ ენგურჰესი ამარაგებს
აღნიშნულის შესახებ „ჩერნომორენერგოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ჯინჯოლიამ ადგილობრივ მედიას განუცხადა. მისი თქმით, ცივი გაზაფხულის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის დღიური მოხმარება აფხაზეთში დღეში 6.5-დან 7.5 მილიონ კვტ/სთ-მდე მერყეობს.
აღსანიშნავია, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როდესაც ენგურჰესის ჯვრის წყალსაცავში წყლის დონემ მინიმალურ ნიშნულს მიაღწია, ხოლო რუსეთმა აფხაზეთს „ვალდებულებების“ შეუსრულებლობის გამო ფინანსური სანქციები დაუწესა, აფხაზეთში კრიზისული მდგომარეობა შეიქმნა. რუსეთიდან კომერციული ტარიფით შეძენილი ელექტროენერგია მოსახლეობას მკაცრი გრაფიკით, დღეში მხოლოდ 4 საათით მიეწოდებოდა, ასევე დროებით შეწყდა სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაგა-ბაღებში. დეკემბრის ბოლოს, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ფავორიტი კანდიდატის, ბადრა გუნბას მხარდაჭერის ნიშნად, რუსეთმა აფხაზეთში ჰუმანიტარული, ანუ უფასო ელექტროენერგიის მიწოდება განაახლა, სანამ რეგიონი ენგურჰესიდან მიწოდებულ ელექტროენერგიაზე გადავიდა.
აღნიშნულის შესახებ დე ფაქტო პარლამენტში გამართულ სხდომაზე ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა განაცხადა. მისი თქმით, ადგილობრივი მილიცია ბრალდებულის ძიებას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს, თუმცა პროცესს ის გარემოება ართულებს, რომ მას „სხვადასხვა სახის დამოკიდებულება“ არ გააჩნია.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სხვა უფლებამოსილ უწყებებთან ერთად, ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ ხარაზიას ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით. ამ პროცესში ჩვენი რუსი კოლეგებიც არიან ჩართული და აქტიურად გვეხმარებიან. თითქმის ყოველდღიურად ვცვლით ინფორმაციას ხარაზიას მიერ საზღვრის შესაძლო კვეთის თაობაზე, თუმცა ცალსახაა, რომ ის რუსეთის ტერიტორიაზე ჯერჯერობით არ გადასულა და დარწმუნებულები ვართ, რომ სხვა მიმართულებითაც საზღვარი არ გადაუკვეთია. არსებობს ვარაუდი, რომ ხარაზია ისევ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურად ვერ ვისაუბრებთ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში შედეგიც გვექნება“, - განაცხადა კიუტმა.
„დეპუტატმა“ კან კვარჩიამ მიმდინარე გამოძიების პროცესი გააკრიტიკა და შედეგების არარსებობის შემთხვევაში დაზარალებულთა ოჯახებს შორის შესაძლო დაპირისპირება არ გამორიცხა. „თქვენი ძალისხმევის მიუხედავად, ადგურ ხარაზიას ადგილსამყოფელი ჯერაც უცნობია. გამოდის, რომ აფხაზეთში მხოლოდ ნარკომანების მოძებნაა შესაძლებელი, ხოლო ჩვეულებრივი ადამიანის არა. ვახტანგ გოლანძიას ოჯახი შეშფოთებულია, და გასაგებია რატომაც. საზოგადოებაც შეშფოთებას არ მალავს. ეს უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურისთვის პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს, თუნდაც შემდგომი დაპირისპირებისა და მძიმე შედეგების ასაცილებლად. მე ორი ვაჟი მყავს, ხარაზიას ორი ვაჟი ჰყავს, ჩვენს გარდაცვლილ კოლეგასაც ორი ვაჟი ჰყავს. თქვენ რა, სისხლისღვრა გინდათ? ნახევარ წელიწადში ადამიანი ვერ მოძებნეთ? რიდესაც გჭირდებათ, ყველას ძალიან ადვილად პოულობთ“, - მიმართა მან რობერტ კიუტს.
გასული წლის 19 დეკემბერს დე ფაქტო პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირების დროს, ადგურ ხარაზიამ „დეპუტატი“ კან კვარჩია ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ხოლო ვახტანგ გოლანძია, მათი გაშველების დროს ბრმა ტყვიას ემსხვერპლა. შემთხვევის შემდეგ ადგურ ხარაზიას „საპარლამენტო იმუნიტეტი“ ჩამოერთვა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.