
ზურაბიშვილი – კობახიძის წერილზე: აქ ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთა
13/05/2025 11:16:00 პოლიტიკა
აქ ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთა, – ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რომელშიც იგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართავს.
მისი შეფასებით, წერილი "ამ ხელისუფლების მორალურად და პოლიტიკურად ჩამოშლის მაჩვენებელია".
სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას წერილის წაკითხვისკენ მოუწოდა.
"ეს არის, პირველ რიგში, სამარცხვინო. აქ დაცული არ არის არც ერთი არც პროტოკოლური, არც მეგობრული ურთიერთობები და წერილს ამის არანაირი ნიშანი აღარ გააჩნია. არ ვიცი ვინ დაუწერა, არ ვიცი რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ რაც ჩანს, ამას უნდა ვუყურებდეთ. აქ ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთა. ეს ალბათ პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს. ის ვერც „MEGOBARI აქტის“ შედეგებს დაალაგებს და ცხადია, რომ ძალიან დიდი ნერვიულობა არის „ქართული ოცნების“ რიგებში. ამის გამომჟღავნებაა ეს წერილი. ძალიან მაინტერესებს ოდესმე თუ წაიკითხავს ამას ამერიკის პრეზიდენტი. ალბათ დღეს ამისთვის არ სცალია, ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი. გამაოგნებელი იქნება იმ ქვეყნიდან წამოსული წერილი, რომელსაც ამერიკა 30 წელზე მეტია, ყველა კუთხით და ფორმით ეხმარება. ამერიკა, რომელმაც ჩვენ ჯარი პრაქტიკულად მოგვცა, მოამზადა იმისთვის, რომ მას ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტები, რომელიც მოგვეხმარება იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა იყოს თავის ადგილზე და 30 წელი ვიყავით ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი ამერიკული დახმარების. ეს არის ჩვენი პასუხი. ეს არის ქართული ტრადიციული მადლიერება. ჩვენი ტრადიციები სად იკარგება არ ვიცი, მაგრამ ეს რომ არის მაჩვენებელი ამ ხელისუფლების მორალურად და პოლიტიკურად ჩამოშლის, ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს უნდა დავინახოთ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის: "MEGOBARI აქტის" წინ წაწევის ფონზე, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა.
კობახიძე წერს, რომ მათი მხრიდან უპასუხოდ დარჩა რამდენიმე კვირის წინ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მიწერილი წერილი, რომელშიც გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების “სუფთა ფურცლიდან” დაწყებაზე, მიიჩნევს რომ ეს გასაკვირია, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულ ოცნებასა“ და აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას შორის ღირებულებითი თანხვედრაა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021