13-05-2025 20:11:50 პოლიტიკა ,საზოგადოება
ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებებისთვის უკვე გამოყოფილია 7 მილიონ ლარზე მეტი, "დიდწილად გამარტივებული შესყიდვებით, ტენდერის გარეშე".
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ განკარგულებაში არ არის ნახსენები რუსთაველის გამზირი, ადგილი, სადაც ამჟამად ყოველ დღე იმართება აქციები.
"2025 წლის 26 მაისს საქართველო 107-ედ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. თუმცა ეს აღნიშვნა სულ უფრო ნაკლებად უკავშირდება თავისუფლების იდეას და მეტად ტენდერის გვერდის ავლით შთაბეჭდილების შექმნისთვის დახარჯულ მილიონებს.
წელს უკვე გამოყოფილია 7 მილიონ ლარზე მეტი, დიდწილად გამარტივებული შესყიდვებით, ტენდერის გარეშე. რუსთაველის გამზირი, სადაც ამჟამად ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები, ღონისძიებების გეგმის მიღმაა.
სამთავრობო განკარგულებები და დაგეგმილი ღონისძიებები
2025 წლის 15 აპრილს საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც დამტკიცდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა.
განკარგულების საფუძველზე, რამდენიმე სამინისტროს, მათ დაქვემდებარებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს დაევალათ სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ განკარგულებაში არ არის ნახსენები რუსთაველის გამზირი, ადგილი, სადაც ამჟამად ყოველ დღე იმართება აქციები. თავისუფლების მოედანზე მხოლოდ სამხედრო ფიცის ცერემონიაა დაგეგმილი.
თბილისის გარდა, ღონისძიებები გაიმართება შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, თელავი, ახალციხე, რუსთავი, მესტია, ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი, ახალქალაქი, მარნეული, მცხეთა, ამბროლაური.
საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობასა და აქტივობების უზრუნველყოფას სხვადასხვა სამინისტრო და მათზე დაქვემდებარებული სტრუქტურები უზრუნველყოფენ.
2025 წლის 1 მაისს მთავრობამ გამოსცა დამატებითი განკარგულება N727, რომლის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტროს მიერ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 2 900 000 ლარი. თუმცა ეს სრული თანხა როდია.
მთავარი ტენდენცია: გამარტივებული შესყიდვები და ბიუჯეტის ზრდა
"მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელ უწყებებს ადრევე ჰქონდათ ინფორმაცია მათზე დაკისრებულ ვალდებულებებზე, მათგან ბევრმა მაინც არ გამოაცხადა ტენდერი, არამედ მხოლოდ მაისში მიმართა შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის დასამტკიცებლად. ამის მაგალითი თავდაცვის სამინისტროა ₾2,2-მილიონიანი შესყიდვით, რომელსაც 15 აპრილს უკვე ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა ელექტრონული ტენდერის დროულად გამოცხადების მაგივრად, 2025 წლის 2 მაისს შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის ჩატარების მიზნით მიმართა.
დამოუკიდებლობის დღის ორგანიზებისთვის უწყებები მასშტაბურ შესყიდვებს ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვების ფორმით (SMP კოდებით) ახორციელებენ. წარმოგიდგენთ კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის მიღმა, უკვე გამოცხადებული შესყიდვების ჩამონათვალს. ზოგიერთი უწყების შესყიდვები ჯერ არ გამოცხადებულა ან ხელშეკრულებები გაფორმებული არ არის, თუმცა 26 მაისამდე მხოლოდ ორიოდ კვირა რჩება". - წერს ორგანიზაცია.