14-05-2025 21:02:03 პოლიტიკა
ყოფილი დიპლომატის მამუკა ჟღენტის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი "პირადი ფინანსისტი" გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც საქართველო 2 მარტს მალულად დატოვა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე იმყოფება და არ გამორიცხავს, რომ სწორედ აღნიშნულს უკავშირდებოდეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევა. "ქართული ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ თანამდებობაზე საქართველო მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს.
"ბაჩიაშვილი, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ არის ემირატებში ამ მომენტისთვის... ივანიშვილი ალბათ, იმედოვნებს, რომ ამ გაცვლით მოხდება მისი საქართველოში ექსტრადირება და თანხებს შემდეგ ამოიღებს... მოხდება სასამართლოს ე.წ. გადაწყვეტილების აღსრულება... როგორც ვიცი, გასვლასაც ვერ ახერხებს [ბაჩიაშვილი]...",- თქვა ჟღენტმა "ფორმულასთან".
თავად პოლოლიკაშვილმა ასევე "ფორმულასთან" თქვა, რომ "თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება":
"ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს.
3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას, რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას - მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი".
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. წარდგენილი ბრალდების თანახმად, პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გადახდა შეუფარდა.
2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.
ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“.
ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9 ათასამდე ბიტკოინის გადახდა დაეკისრა.