Accentnews.ge
ასტანა შეშფოთებულია საქართველოში ყაზახეთის მოქალაქეების არშემოშვების ფაქტების გახშირებით

ასტანა შეშფოთებულია საქართველოში ყაზახეთის მოქალაქეების არშემოშვების ფაქტების გახშირებით

15/05/2025 10:25:18 პოლიტიკა

ოფიციალური ასტანა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ყაზახეთის მოქალაქეების არშეშვებისა და დეპორტაციის ფაქტების გახშირების გამო. განცხადება ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო უწყებაში ქართულ მხარესთან 14 მაისს გამართული საკონსულო კონსულტაციების შემდეგ გაკეთდა.

აღსანიშნავია, რომ დიპლომატიური კონსულტაციები საქართველოს სამიგრაციო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების ფონზე გაიმართა. "ოცნების" სადავო პარლამენტი განიხილავს ცვლილებათა პაკეტს ქვეყნიდან უცხოელთა გაძევების გამარტივებისა და მათთვის ჯარიმების ზრდის შესახებ. ამასთანავე, შსს გეგმავს, შეამციროს თავშესაფრის მინიჭებაზე განაცხადების განხილვის ვადები და შემოიღოს ახალი საფუძვლები ქვეყანაში უცხოელთა არშემოშვებისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩათვლით. გარდა ამისა, კანონმდებლობაში სავარაუდოდ, გაჩნდება მუშაობის ნებართვის ცნება და თუკი იმიგრანტის შესაბამისი ნებართვის გარეშე დასაქმებულობის ფაქტი გამოვლინდება, დაჯარიმდება ისიც და დამსაქმებელიც.

"შეშფოთებას გამოვხატავთ მსგავსი ფაქტების გახშირების გამო. ყაზახეთის მოქალაქეთა უმრავლესობა საქართველოს ტურისტული მიზნით სტუმრობს და მკაცრად იცავს ამ ქვეყნის კანონმდებლობას" - განაცხადეს ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ ქართულმა მხარემ ყაზახურს მიაწოდა ინფორმაცია მაისიდან დაწყებული, საქართველოში ყაზახეთის მოქალაქეთა არშემოშვების ფაქტების რაოდენობის "საგრძნობი შემცირების" თაობაზე, ასევე პირობა დადო, რომ ეს ბოლოდროინდელი ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება და ამასთანავე, ყაზახეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ყოფნის პერიოდში საუკეთესო პირობები იქნება უზრუნველყოფილი.

კონსულტაციების დროს მხარეებმა ასევე მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, საერთაშორისო კონვენციების ხაზით ურთიერთქმედების, სისხლის სამართლებრივი და ექსტრადირების კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ქართული მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობდნენ პროფილური უწყებების წარმომადგენლები საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორ გიორგი ტაბატაძის ხელმძღვანელობით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო უწყების ვებ-გვერდზე ხსენებული კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ იძებნება.

ცნობისთვის: ინფორმაცია საქართველოში ყაზახეთის მოქალაქეთა დაუსაბუთებელი არშემოშვების შემთხვევების გახშირების შესახებ მიმდინარე წლის აპრილში გავრცელდა. ამასთან, მედიაში დაიწერა ხსენებულ პირთა მიმართ ქართველი მესაზღვრეების "უხეში და დამამცირებელი მოპყრობის" თაობაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S