
საქართველო იტალიასთან ფრენების შეჩერების საკითხს განიხილავს
05/03/2020 09:09:06 საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველო იტალიასთან ფრენების შეჩერების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ფრენების შეწყვეტის საკითხი სხვა თემებთან ერთად ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იტალიის მიმართულება შედარებით მაღალრისკიანია. თუმცა კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რეალურად, რისკები მაინც დარჩება, შეიძლება, სხვა მიმართულებიდან შემოვიდნენ. თუ გნებავთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ, მაშინ საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფრენები. ეს ძალიან ძვირი ფასი იქნება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მიერ მიღებულ ზომებს, რა პრაქტიკაა იქ, როგორ იცავენ თავს, რამდენად ძლიერია კონტროლი საზღვრებზე და გვირჩევნია, უფრო ამ გზით ვიაროთ, ინდივიდუალურად შევამოწმოთ, ვნახოთ, რისკები დავთვალოთ, შემდგომში მონიტორინგი შევძლოთ უკვე აქ ჩამოსული ადამიანების, რომ მალევე მივაკვლიოთ, თუ სიმპტომი გამოვლინდა, ვიდრე ავდგეთ და ბევრი მიმართულება გადავკეტოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 4 შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 140–ზე მეტი ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.
ცნობისთვის: „COVID-19“–ით გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 31 ადამიანი ემსხვერპლა და 143 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3012–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,413 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 3220 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 92 000–ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 52 000–ზე მეტი პაციენტი.