15-05-2025 16:11:42 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაიმსახურა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტიდან გამოწვევა.
"პასუხს უნდა იმსახურებდე იმისთვის, რომ შემდეგ მასზე პრეტენზია გამოთქვა. როდესაც ვიღაცა ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავში ჩაარტყას, მერე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ არ გპასუხობენ. მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც არ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, უფრო მეტ განმარტებას არ გააკეთებს, რადგან საქმე ეხება ადამიანს, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას წლის ბოლომდე იკავებს.
"არ განმარტავ უფრო მეტად, იმიტომ, რომ საქმე ეხება ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ, წლის ბოლომდე იკავებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას. მინდა შეგახსენო, რომ ჩვენ ჯერ 8 წლის წინ, შემდეგ კი 4 წლის წინ დავუჭირეთ მხარი მის კანდიდატურას და ძალიან დიდი რესურსი ჩავდეთ ამ ყველაფერში. მაშინაც იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელსაც უხეში ლექსიკით მოიხსენიებს ეს კონკრეტული [პირი]. მოგწონთ ის ტერმინოლოგია, რომელსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი [იყენებს]? როგორ შეიძლება ეს ვინმეს მოსწონდეს? ამით ხომ დაამტკიცა მან, რომ მისი გამოწვევის თაობაზე გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ღალატი იქნებოდა ამ კანდიდატურის არგამოწვევა. ეს იქნებოდა ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს ღალატი. როცა ვიღაც ცდილობს, რომ სახელმწიფოს ჩაარტყას თავში, ამას სჭირდება შესაბამისი რეაქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლოლიკაშვილს ამ "პოსტზე" საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა აღარ ექნებოდა, პირველად 13 მაისს The Diplomat-მა გაავრცელა. "ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ფარული შეთანხმების ნაწილი იყოს", – წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.
მისივე შეფასებით, "გადაწყვეტილება, რომელმაც საერთაშორისო ტურიზმის საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, შესაძლოა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრაგეგიული ალიანსის ნაწილი იყოს".
14 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაადასტურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარს დაუჭერს არა ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც ამ ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს, არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს:
"გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია.
სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა.
აქვე ვადასტურებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს".
ამავე თემაზე: "კობახიძეს 3 კვირაა ვწერ, ვურეკავ და იმალება..." - პოლოლიკაშვილის პირველი კომენტარი