
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა
19/05/2025 06:53:49 მსოფლიო
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა პოლიტიკოსმა ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა.
წინასწარი ოფიციალური მონაცემების თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბუქარესტის მერმა, ლიბერალმა ნიკუშორ დანმა დაამარცხა პირველი ტურის ლიდერი, ნაციონალისტი ჯორჯე სიმიონი. კერძოდ, ნიკუშორ დანმა ხმების 53,60% მიიღო, ხოლო ნაციონალისტური პარტია AUR-ის ლიდერმა ჯორჯე სიმიონმა - ხმათა 46,40%.
18 მაისს ჩატარებულ მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 64,72% იყო, რაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მეორე ტურში განსაკუთრებით იაქტიურა დიასპორამ, რომელმაც ნიკუშორ დანის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. "რადიო თავისუფლების"– რუმინული სამსახური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე ხმა მისცა 1,4 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა. პირველ ტურში მათი რიცხვი დაახლოებით 900 ათასი იყო. ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა 83 ქვეყანაში გახსნილ უბნებზე, ხოლო ჯორჯე სიმიონმა - 11-ში.
ნიკუშორ დანმა მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მოლდოვაში მცხოვრებ რუმინეთის მოქალაქეებს. თუ პირველ ტურში დანმა მოლდოვაში ხმების 52,3% მიიღო, მეორე ტურში მხარდაჭერა 88% იყო.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნიკუშორ დანის გამარჯვებას ადასტურებდა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, 18 მაისს გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგებიც, თუმცა ჯორჯე სიმიონმა განაცხადა, რომ ამ მონაცემებს არ ენდობა და არჩევნებში მან გაიმარჯვა.
ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ჯორჯე სიმიონმა დამარცხება აღიარა, ნიკუშორ დანს მიულოცა და განაცხადა, რომ ასეთი იყო რუმინელი ხალხის ნება.
ევროკავშირისა და ნატო–ს წევრი რუმინეთის ახალი პრეზიდენტი, 55 წლის ნიკუშორ დანი განათლებით მათემატიკოსია. 2020 წლიდან პრეზიდენტად არჩევამდე ბუქარესტის მერი იყო. დანი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა.
საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკუშორ დანის მეტოქე, 38 წლის ნაციონალისტი ჯორჯე სიმიონი ევროკავშირისა და უკრაინისადმი კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021