19-05-2025 13:21:36 პოლიტიკა
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას უერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ.
აღნიშნული ცნობა თავდაპირველად ტელეკომპანია "ფორმულამ" წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
ამ უწყების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ერთ-ერთი იყო იმ ცხრა დათქმიდან, რომელთა საფუძველზეც ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აგებს პასუხს სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.
ცნობისთვის: 2022 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, რომელსაც ლონდა თოლორაია ხელმძღვანელობდა, მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატს არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების ჩამოყალიბებამდე სამოხელეო დანაშაულებს საქართველოს პროკურატურა იძიებდა.
ბოლო თვეების განმავლობაში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ათეულობით საჩივარია შესული აქციებზე სამართალდამცველების ქმედებების გამოძიების მოთხოვნით, თუმცა ამ დრომდე არცერთი საქმე გამოძიებული არ არის, არ არის გამოვლენილი არც ერთი სავარაუდო ბრალდებული.
ამ დრომდე არ არის გამოძიებული ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებიც.