
ზელენსკი: უმნიშვნელოვანესია, აშშ მოლაპარაკებებისა და მშვიდობისკენ სვლისგან არ დისტანცირდეს
20/05/2025 05:50:29 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ–ისა და რუსეთის ლიდერებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "უმნიშვნელოვანესია, აშშ მოლაპარაკებებისა და მშვიდობისკენ სვლისგან არ დისტანცირდეს, ვინაიდან ერთადერთი, ვინც ამით სარგებლობს, რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინია".
იგი ადასტურებს, რომ 19 მაისს ორჯერ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს – პირველ ჯერზე ეს იყო ტრამპის პუტინთან საუბრამდე, ერთი ერთზე; მეორედ კი - საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ფინეთის ლიდერებთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ "მთელ მსოფლიოში ყველასთვის ცხადია, რომ ნამდვილი მშვიდობისკენ რუსეთს წაიყვანს მასზე ზეწოლა" და "თუ რუსეთი მზად არ აღმოჩნდება შეწყვიტოს ხოცვა-ჟლეტა, მის მიმართ სანქციები უნდა გაძლიერდეს".
"ეს გადამწყვეტი მომენტია. ახლა მსოფლიოს შეუძლია დაინახოს ნამდვილად შესწევთ თუ არა მის ლიდერებს უნარი უზრუნველჰყონ ცეცხლის შეწყვეტა და მიაღწიონ ნამდვილ, ხანგრძლივ მშვიდობას", – განაცხადა მან.
მისი თქმით, მან დღეს ტრამპს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის და რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის "ნებისმიერ ფორმატში, რომელიც შედეგებს მოიტანს".
იგი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების ჩატარების ადგილებად განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს: თურქეთს, ვატიკანს, შვეიცარიას.
ცნობისთვის: 19 მაისს შედგა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021