Accentnews.ge
მოსკოვი თბილისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან "საზღვრების" დემარკაციის "აუცილებლობას" შეახსენებს

მოსკოვი თბილისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან "საზღვრების" დემარკაციის "აუცილებლობას" შეახსენებს

20/05/2025 05:59:01 კონფლიქტები, პოლიტიკა

სანამ "ქართული ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე გუნდი სულ უფრო მეტ ლოიალობას ავლენს პუტინის რუსეთის მიმართ და ცდილობს, დააჯეროს საკუთარ ამომრჩეველს, თითქოს მისი ამ "პრაგმატული პოლიტიკის" შედეგად "ნებისმიერ წუთს შეიძლება, შეიქმნას პირობები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად", რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს ააქტიურებს, თბილისს კი მოუწოდებს, სოხუმსა და ცხინვალთან "საზღვრების" დემარკაციის პროცესი დაიწყოს.

შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 64-ე რაუნდის მოახლოებასთან დაკავშირებით აფხაზ და ოს "კოლეგებთან" გამართული მოსამზადებელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"ყურადღება გავამახვილეთ საერთო განწყობაზე, აქტიურად გავაგრძელოთ ურთიერთქმედება მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალისთვის საერთო პრიორიტეტებზე, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეეხება. კვლავ აღინიშნა საქართველოსა და მის ორ მეზობელ რესპუბლიკას (აფხაზეთს და სახმრეთ ოსეთს) შორის ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების გაფორმებისა და სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყების მნიშვნელობა", — ნათქვამია გალუზინის განცხადებაში.

ჟენევის დისკუსიების 64-ე რაუნდი ივნისისთვისაა დაგეგმილი.

ცნობისთვის: "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე მთავრობის საგარეო უწყება ამ დრომდე არ გამოჰხმაურებია პუტინის რამდენიმე დღის წინანდელ ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S