
ბელორუსიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ავტობუსები ივლიან
20/05/2025 11:52:00 კონფლიქტები, პოლიტიკა
ბელორუსის ხელისუფლება რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ავტობუსების რეისების დანიშნვას გეგმავს. პირველი რეისის განხორციელება 26 ივნისისთვისაა დაგეგმილი, ხოლო შემდგომში - ოთხ დღეში ერთხელ.
მგზავრობის ხანგრძლივობა 1 დღე, 13 საათი და 20 წუთითაა განსაზღვრული, ბილეთის ფასი - ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის შესაბამისად 105 და 73$-ით (ბელორუსულ რუბლში), საბოლოო დანიშნულების წერტილად - ფსოუზე (რუსეთ-საქართველოს საზღვარი აფხაზეთში) არსებული ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტი, ხოლო იქიდან ბელორუს ტურისტებს აფხაზეთში სასურველ ადგილამდე მისვლა საკუთარი ძალებით მოუწევთ.
საიტზე Probilets ბილეთები ხელმისაწვდომია მიმართულებაზე "მინსკი - ფსოუ (აფხაზეთთან საზღვარი)". იქვე მითითებულია ასევე მიმართულება "მინსკი - ფსოუ, საქართველო", თუმცა ამ მიმართულებით ბილეთები არაა ხელმისაწვდომი.
ბელორუსული მედია, რომელმაც ეს სიახლე გამოაქვეყნა, შეახსენებს მკითხველს, რომ ბელორუსის მოქალაქეების მიერ აფხაზეთში ჩასვლა არღვევს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონს, რომელიც მსგავსი დარღვევისთვის ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა იქვე იმასაც დასძენს, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში თავისუფლების აღკვეთის სადამსჯელო ღონისძიებას არ იყენებენ და მაქსიმალური სასჯელი სამომავლოდ საქართველოში არშეშვება შეიძლება, იყოს.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვისგან განსხვავებით, მისი მოკავშირე მინსკი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოსგან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ამ დრომდე არ აღიარებს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ბელორუსი ავტორიტარი ლიდერისთვის, ორიოდ წლის წინ აფხაზეთში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ჩასულიყო და მრავალმილიონიანი სასტუმრო ბიზნესიც წამოეწყო, 2023 წელს მინსკში საპასუხო ვიზიტად ჩასული აფხაზური დელეგაცია მიეღო, მიმდინარე წლის 9 მაისს კი სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერებს მოსკოვში შეჰხვედროდა.
მიუხედავად ამისა, "ქართული ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე მმართველი გუნდისა და ასევე სადავო ლეგიტიმაციის მქონე ალექსანდრე ლუკაშენკოს ურთიერთობები საგრძნობლად დათბა მას შემდეგ, რაც გასული წლის 28 ნოემბერს "ოცნების" პრემიერმა კობახიძემ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა, შემდგომში კი "ოცნებამ" პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა. გასულ წელს ლუკაშენკომ ყაველაშვილს გაპრეზიდენტება მიულოცა, ყაველაშვილმა კი ანალოგიური მილოცვა მიმდინარე წლის თებერვალში გაუგზავნა, როცა ავტორიტარი ლუკაშენკო უკვე მეშვიდედ გაპრეზიდენტდა. ამასწინათ კი ბელორუსის ავტორიტარმა ლიდერმა ყაველაშვილს მილოცვა 9 მაისთან დაკავშირებითაც გამოუგზავნა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021