
თემურ ქათამაძე საქართველოდან გააძევეს
11/06/2025 11:03:00 პოლიტიკა
თემურ ქათამაძის მეუღლის ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტი თურქეთში გადაიყვანეს.
როგორც ნინო კაკულია აცხადებს, თემურ ქათამაძის თურქეთში გადაყვანა ვერაგულად მოხდა.
„თემურის თურქეთში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია შემატყობინა ჩემმა მეგობარმა. ჩემს მეგობარს დაურეკეს პოლიციის განყოფილებიდან არმაღანში. თემურის გადაყვანა მოხდა არა სარფიდან, არამედ საქართველოს სამხრეთიდან, სომხეთის საზღვართან ახლოს.
ვერაგულად მოხდა მისი გაყვანა. ბოლო დღეებში უჩიოდა იმას, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა მიგრაციის ცენტრის მუშაკების მხრიდან და გასულ პარასკევს სიმბოლური შიმშილობაც ჰქონდა გამოცხადებული. სავარაუდოდ, მასაც ნერვებმა უმტყუნა და ადვილად დათანხმდა, დეტალებს ვარკვევთ. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ გუშინ ღამე გადაიყვანეს. ასევე გუშინ ეწურებოდა ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვების ვადა, რითაც ვერ ისარგებლებდა, რადგან ვალიდური დოკუმენტი თემურს არ გააჩნია. ჯერ კიდევ 2020 წელს თურქულმა მხარემ პასპორტის მოქმედება შეუჩერა და ეს ახლა გაიგო, როდესაც თურქეთიდან მისი საბუთები მოვითხოვეთ, ასევე მას უარი ეთქვა ერთჯერადი სამგზავრო დოკუმენტის დამზადებაზეც.
ახლა თემური დაკავებულია თურქეთში. მის საქმეში ხელჩასაჭიდი არაფერია. რეპრესიების მანქანა იქ უფრო ამუშავებულია. თემური ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი მის აქტიურ პოზიციას უკავშირდება, თურქეთი მხარს უჭერს დიასპორებს და მათ საქმიანობას, მაგრამ აქტიური ლიდერები არ აწყობთ და იშორებენ.
თემურს ჰქონდა ყველა პირობა იმისა, რომ საქართველოში ბინადრობის უფლება ჰქონოდა. ძალიან ბევრი კანონდარღვევაა მის საქმეში. ფაქტი შემდგარია, ადამიანი ვერაგულად გაიყვანეს“, - განაცხადა ნინო კაკულიამ.
თემურ ქათამაძე ბათუმში პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე იყო. ის 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოს წინა აქციაზე. დაკავების შემდეგ, როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, მას ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა კიდეც, რომ გააძევებდა ქვეყნიდან.
ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლებული თემურ ქათამაძე, იზოლატორის ეზოშივე მეორედ დააკავეს, მას ქვეყანაში არალეგალურ ყოფნას ედავებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თემურ ქათამაძე 13 წელი საქართველოში ცხოვრობს და მან რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მთავრობას მოქალაქეობის უფლების მინიჭებაზე, თუმცა დადებითი პასუხი ვერ მიიღო.
მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში თემურ ქათამაძე პროტესტის ნიშნად შიმშილობდა. დაკავების შემდეგ ის ითხოვდა ჰუმანიტარულ და ლტოლვილის სტატუსს, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლებამ ამ სტატუსზეც უარი უთხრა.
მის უფლებებს საია იცავდა და გასაჩივრების შემდეგ გადავადდა თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების პროცედურა, თუმცა 11 ივნისს, იწურებოდა ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა.